Jump to content
Planeta.Ge

კახა კალაძე - საქართველოს ხელისუფლება ქართული წესებით ითამაშებს - თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, ნუ, არ მოგვცემენ და თავისთვის დაიტოვონ


ჩვენი ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია მოხდეს, მაგრამ რასაც ახლა ვისმენთ, თუნდაც მიხეილ სააკაშვილი მიმართებით, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რა კამპანიაცაა წარმოებული, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ამაში პირდაპირ ჩვენი ე.წ. მეგობრები არიან ჩართული, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები საქართველოს შესახებ „აბსურდზე, სიცრუეზე და დეზინფორმაციაზეა დაფუძნებული“.

„ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში აბსურდულ განცხადებებს ვისმენდით, ასევე, რამდენიმე აბსურდული რეზოლუცია ვიხილეთ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია მოხდეს, მაგრამ რასაც ახლა ვისმენთ, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რა კამპანიაც არის წარმოებული, კატეგორიულად მიუღებელია და ამაში პირდაპირ ჩვენი ე.წ. მეგობრები არიან ჩართული. მათი თითოეული განცხადება არის აბსურდზე, სიცრუეზე და დეზინფორმაციაზე დაფუძნებული.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც უამრავ ქველმოქმედებასთან და კეთილ საქმესთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რაც მის პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით იყო. ამით დაასრულა სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი ძმანი წარმოადგენდნენ.

საქართველოს ხელისუფლება ქართული წესებით ითამაშებს. ჩვენი ხალხის, ქვეყნის და ეროვნული ინტერესებიდან გამოვა. თუ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება სტატუსის არ მიცემასთან დაკავშირებით მიღებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე, ნუ, არ მოგვცემენ და თავისთვის დაიტოვონ.

ეს არის დადგმული სპექტაკლი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში „შემოტანით“. ეს რისთვის იყო გაკეთებული, ძალიან ადვილი მისახვედრია. იმიტომ, რომ დაპირისპირება და გადატრიალება მომხდარიყო. იმიტომ, რომ ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება მისაღები არ არის. მისაღები არ არის იმიტომ, რომ ომში არ ერთვება და ყველაფერს იმას აკეთებს, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან. შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ევროპარლამენტში რეზოლუციის ხუთი ტექსტია წარდგენილი, რომელთაგან ორში ბიძინა ივანიშვილის შესახებაც არის საუბარი. ერთი ტექსტის ავტორია „ევროპის სახალხო პარტია“ , მეორის კი - „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი“.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...