ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი - მაღალი დონის სპეციალისტების ჩართვაა საჭირო იმის დასაგეგმად, რა ნაბიჯებით უნდა გაგრძელდეს გელათთან ურთიერთობა - მდგომარეობა ძალიან მძიმეა
ძალიან მაღალი დონის სპეციალისტების ჩართვაა საჭირო იმის დასაგეგმად, თუ რა ნაბიჯებით უნდა გაგრძელდეს გელათთან ურთიერთობა. ვინაიდან გამოშრობის პროცესი შესაძლოა, ძალიან ხანგრძლივი იყოს, ამასობაში შეიძლება კედლებს მოსწყდეს ნალესი - მდგომარეობა ძალიან მძიმეა, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, მარინა გაჩეჩილაძე გელათის მონასტერში არსებულ ვითარებას.
როგორც მან განმარტა, მძიმე მდგომარეობა მონასტრის გადახურვასთან დაკავშირებულმა პროცესმა გამოიწვია, ვინაიდან წლების განმავლობაში წყლის ჩადინების გამო ძლიერი დაზიანებები წარმოიშვა.
„ჩვენი თანამშრომლები გელათზე წლების განმავლობაში მუშაობენ. დავაა იმაზე, სამი საათით იყვნენ იქ თუ ორი საათით. ერთი დღის ჩასვლა-ჩამოსვლაში რაც მოესწრო, ის დრო დაყვეს ხარაჩოებზე და თვალითაც ნათელი გახდა ის დაზიანებები, რაც დაფიქსირდა. გელათის შესახებ ჩვენი მეცნიერების მიერ კვლევები წლების მანძილზეა ჩატარებული, ამიტომ ეს განსაკუთრებულ დროში გაწელილ დაკვირვებას არ მოითხოვდა, უბრალოდ, სამწუხაროდ, გადახურვის გამო ძალიან ცუდი შედეგია. წლების მანძილზე წყლის ჩადინების გამო, ცუდი დაზიანებები წავიდა. ამას ყველა მხრიდან მიხედვა სჭირდება. ახლა ნამდვილად არ არის დაპირისპირების დრო. მთავარია, რომ გაკეთდეს ორგანიზება იმისთვის,რომ გელათი გადარჩეს. ჩამოვყალიბდეთ ძალიან გაწერილი ნაბიჯებით.
დასკვნაში ყველაფერი სკრუპულოზურად არის დაფიქსირებული. დაზიანებების თავი და თავი არის სახურავის პრობლემა, იქიდან ჩამოდენილი წყალი. როგორც ამბობენ, წყალი მანამდეც ჩადიოდა, მაგრამ ჩადიოდა ძალიან მცირე რაოდენობით. შემდეგ კრამიტის ახდამ და დახურვამ უკვე ძალიან სერიოზული დაზიანებები გამოიწვია და შემდეგ ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა. ეს ყველაფერი გამოიწვია სისველემ, რომელიც კედლებში არის გამჯდარი და ფაქტობრივად, სანამ გამოშრობის პროცესი ბოლომდე არ მივა, ალბათ, წყალში გადაყრილი იქნება ყველა ფრესკის რესტავრაციაზე ზრუნვა. ძალიან მაღალი დონის სპეციალისტების ჩართვა არის საჭირო იმისთვის, თუ რა ნაბიჯებით უნდა გაგრძელდეს გელათთან ურთიერთობა. ვინაიდან გამოშრობის პროცესი შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს, ამასობაში შეიძლება კედლებს მოსწყდეს ნალესი. ამიტომ საჭიროა მუდმივი მონიტორინგი, ნაბიჯ-ნაბიჯ ზრუნვა. როგორმე გელათი უნდა გადავარჩინოთ“, - განაცხადა მარინა გაჩეჩილაძემ.
მისი თქმით, დასკვნის დადების შემდეგ კულტურის სამინისტროსა და ცენტრს შორის კომუნიკაცია არ შემდგარა.
„არანაირი განსაკუთრებული კონტაქტი არ ყოფილა. ფაქტია, რომ თვითონაც ძალიან შეწუხებული არიან. როგორ შეიძლება რომ შეწუხებული არ იყო? მთავარია, ყველა ვეცადოთ, როგორღაც გადავარჩინოთ ეს უდიდესი საგანძური. მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, აღნიშნა მარინა გაჩეჩილაძემ.
აღსანიშნავია, რომ ჩაბინაშვილის ცენტრის მიერ გელათის მონასტრის შესახებ გაცემული დასკვნა საკმაოდ ვრცელია, რომელშიც წერია, რომ მონასტრის, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია. არსებული მდგომარეობის შეფასების თანახმად, დასკვნაში ვკითხულობთ:
„დიდი ტაძრის გადასახურად გამოყენებული მოჭიქული კრამიტების (განსაკუთრებით თეთრი კრამიტების) დაბალი ხარისხი ექსპერტთა ანგარიშებში არაერთხელ აღინიშნა. კიდევ უარესი იყო კრამიტის დაგების და, მთლიანად, სახურავის მოწყობის მეთოდი და ხარისხი - სამუშაო არაკვალიფიციურმა ადამიანებმა შეასრულეს წინასწარი პროექტის გარეშე. სახურავში წყლის ჩაჟონვის მიზეზი გახდა არა მხოლოდ და არა იმდენად უხარისხო კრამიტი, რამდენადაც მისი არაპროფესიონალურად დაგება, არასწორად გაკეთებული ღარები, წყალსაწრეტები, კვანძები და შეერთებები კედლებთან. ტლანქად, დაუდევრად გაკეთებული საქმე ზედაპირული დათვალიერებითაც თვალსაჩინოა - კრამიტების გადაბმისა და მათი კედლებთან შეერთების ადგილებში უხვად არის გამოყენებული ავთენტურ მასალასთან არათავსებადი არაორგანული მასალები: სილიკონი, ქაფ-შემავსებელი, ცემენტი ან ცემენტისა და კირის ნაზავი.
ბუნებრივია, ასეთი სახელდახელო საშუალებებით სახურავის მონოლითური
ერთიანობა ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი. შედეგად, რამდენიმე წლის მანძილზე ყოველი ძლიერი წვიმის დროს ათეულობით ლიტრი წყალი ხვდებოდა კედლებსა და კამარებში. ზოგჯერ წყალი გზას პოულობდა და თქრიალით მოედინებოდა ინტერიერში (მაგალითად, სამხრეთ-დასავლეთ აფრიდან), უდიდესი ნაწილი კი შენობამ შეიწოვა, რამაც უმძიმესი გავლენა იქონია კედლის მხატვრობაზე. მეთოდოლოგიური შეცდომა იყო კრამიტის სახურავის მოწყობა არა ხის ნივნივებზე, რომლებიც სხვენს ქმნის და შენობის თავისუფალი განიავების შესაძლებლობას იძლევა, არამედ ერთიან მყარ მასაზე, რომლითაც მთლიანად ამოივსო სივრცე კამარებსა და სახურავს შორის“- აღნიშნულია დასკვნაში.
მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავი- სრული კონსერვაციის შემდგომი მდგომარეობა:
„საგანგებოდ უნდა გამოიყოს მოხატულობის დაზიანების აქტიური კერები დასავლეთ მკლავში - ანუ, იქ, სადაც იტალიურ-ქართული ჯგუფის მიერ რამდენიმე თვის წინ უკვე განხორციელდა სრული კონსერვაცია. ვადასტურებთ საქართველოს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსში 2022 წლის 31 ოქტომბერს ორგანიზებული საველე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იკომოსის ექსპერტთა მომზადებული ანგარიშის დებულებებს იმის თაობაზე, რომ მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის კედლის
მხატვრობის ამჟამინდელი მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია, ვინაიდან
მარილების დაშლა-კრისტალიზაციის პროცესი მიმდინარეა, რასაც თან ახლავს, 2020-2021 წლებში, გამაგრებულ მონაკვეთებზე აქერცვლისა და გაფხვიერების ხელახალი პროცესი და ავთენტური ნაწილების დანაკარგები (19). საკონსერვაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მარილის კრისტალიზაციის, ფერწერული ფენის აქერცვლისა და ცვენის, თუ ბათქაშის დაშლის პროცესის თვალსაჩინოებისა და სისწრაფის გათვალისწინებით, გელათის მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის მოხატულობა შესაძლოა მეთოდოლოგიურ თვალსაჩინოებადაც კი იქცეს იმის საილუსტრაციოდ, თუ რა შედეგი მოაქვს არასწორი მეთოდოლოგიით განხორციელებულ კონსერვაციას. ჩამოთვლილი მძიმე დაზიანების მაგალითი დასავლეთ მკლავში არაერთია, ფერწერული ფენის აქერცლილი მონაკვეთები არაერთგან არის უკვე სრულად მოცილებული საფუძველს და ცვივა, ბათქაშის ფენა ალაგ ამოტეხილია, ალაგ ისეა გაფხვიერებული, რომ შემავსებლად გამოყენებული ნამჯა ზედაპირზეა ამოსული და ცვივა (მაგ., კამარის სამხრეთ ფერდზე, ფერხთაბანის სცენის აღმოსავლეთი მონაკვეთი)“, - ნათქვამია დასკვნაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.