"გამჭვირვალე უნდა იყოს ენჯეოებისა და მედიის შემოსავლის წყაროები" - "ხალხის ძალას" "უცხოური აგენტების" სიაზე პროექტი პარლამენტში შეაქვს
საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი დეპუტატების ჯგუფი "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მათ დაასრულეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა და უკვე პარლამენტში შეაქვთ.
გავრცელებულ განცხადებაში ისინი მოკლედ მიმოიხილავენ პროექტის შინაარს, სადაც ნათქვამია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, არამედ ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე:
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე და რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში".
"ხალხის ძალის" განცხადებით, კანონპროექტით შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.
"ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები.
ამასთანავე, ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან. აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების ინფორმირების ხარისხს, რაც დაეხმარება ხალხს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენ პრაქტიკულად დავასრულეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მედია სივრცეში სიცრუის და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას. აღნიშნულ კანონპროექტსაც უახლოეს დღეებში დავაინიცირებთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
"ხალხის ძალის" დეპუტატების მტკიცებით, კანონპროექტი "საუკეთესო დასავლურ" პრაქტიკას და ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება.
აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს იქნა მიღებული, მოგვიანებით კი მან ცვლილებები განიცადა.
თავდაპირველად აღნიშნული კანონი ამერიკაში შემოიღეს მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად.
მოგვიანებით კანონმა სახეცვლილება განიცადა და მისი მოქმედების არე დავიწროვდა. ახლა ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს ეხება.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.