Jump to content
Planeta.Ge

გაერო - სირიის მთავრობა მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მისაწოდებლად კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა


სირიის მთავრობა დათანხმდა კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მისაწოდებლად. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ გაერო-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ადგილზე ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის, რადგან აქამდე ჰუმანიტარული ტვირთი სირიაში მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან შედიოდა.

„ძალიან მალე ჩვენ გამოვიყენებთ კიდევ ორ გამშვებ პუნქტს. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება იმოქმედებს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება მათ გამოსაყენებლად“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა.

გაერო-ს განცხადებით, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გამშვები პუნქტები სამი თვით გაიხსნება. საუბარია თურქეთთან საზღვარზე მდებარე ბაბ-ალ-სალამის და ალ-რაეს გამშვებ პუნქტებზე.

პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ შეფერხებებს დასავლეთის მიერ სირიისთვის დაწესებულ სანქციებს უკავშირებს, თუმცა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ასადის რეჟიმის არასწორი მართვაა.

ბოლო მონაცემებით, 6 თებერვალს მომხდარ ძლიერ მიწისძვრას სირიაში 5 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მიწისძვრიდან პირველ დღეებში სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ნაწილში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს ასადის მოკავშირე ქვეყნებმა – რუსეთმა, ირანმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, თუმცა სტიქიის შედეგად დაზარალებული ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ, ფაქტობრივად, იზოლაციაშია მოქცეული. აღნიშნულ რაიონში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა თურქეთის საზღვარზე არსებული ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან და სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ნაწილიდან არის შესაძლებელი.

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...