Jump to content
Planeta.Ge

თენგიზ ცერცვაძე - „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამის, ე.წ. კრაკენის ცალკეული შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა - იგი დაახლოებით, 40%-ით მეტად გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედი სუბვარიანტები


ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, „ომიკრონის“ XBB1.5 ე.წ. კრაკენის სუბვარიანტით გამოწვეული ცალკეული შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, მოსალოდნელია COVID-ის ახალი შემთხვევების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდა.

„ომიკრონის XBB1.5 ე.წ. კრაკენის სუბვარიანტით გამოწვეული ცალკეული შემთხვევები გამოვლენილია საქართველოშიც, თუმცა ჩვენთან დომინანტურ სუბვარიანტებად კვლავ რჩება ომიკრონის BA2, BA5 და სხვა „ძველი“ სუბვარიანტები. XBB1.5 სუბვარიანტს ახასიათებს აქამდე ცნობილ სუბვარიანტებთან შედარებით ყველაზე მეტი გადამდებლობა. იგი დაახლოებით 40%-ით მეტად გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედი სუბვარიანტები. ითვლება, რომ ის არ იწვევს ომიკრონის სხვა სუბვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას, თუმცა მაინც ითვლება პოტენციურად სასიკვდილო ვირუსად, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, ან რისკის ჯგუფის პირებისთვის. მაგალითად იაპონიაში ა.წ. 3 თებერვალს 397 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო აშშ-ში CDC-ს მონაცემებით იანვრის უმეტეს დღეებში საშუალოდ COVID-ით 500 გარდაცვალება ფიქსირდებოდა. ვინაიდან, საქართველოში უკვე დადასტურდა აღნიშნული სუბვარიანტი, მოსალოდნელია COVID-ის ახალი შემთხვევების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, COVID სტატისტიკის გამოქვეყნების შუამდგომლობა სამინისტროს წინაშე ინფექციონისტებმა უკვე დააყენეს.

„ვინაიდან საქართველოში COVID ბოლო პერიოდში იმართება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია, ამიტომ COVID ახალი შემთხვევების სტატისტიკა არ ქვეყნდება, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ყოველდღიურად ეგზავნება შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუციებს. სხვათა შორის, ჩვენ დავაყენეთ სამინისტროს წინაშე შუამდგომლობა, რომ COVID სტატისტიკა თვეში ერთხელ მაინც გამოქვეყნდეს. რაც შეეხება არსებულ ეპიდემიოლოგიურ სურათს, საქართველოში, ბოლო პერიოდში COVID ახალი შემთხვევების მცირე მატება აღინიშნება. თუ გასული წლის ბოლოსთვის დღეში 200-300 შემთხვევა იყო, ახლა, იანვარში და თებერვლის პირველ რიცხვებში, ახალი შემთხვევების რაოდენობამ 500-ს მიაღწია”, - განაცხადა ცერცვაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...