კულტურის სამინისტროს გენინსპექციის უფროსი - ერთ ნახატს ნახევის სახით აქვს დაზიანება, ორს ანაქერცლი აღენიშნება - გასულ კვირაში ხელი შეგვეშალა ნახატების წაღებაში, დღეს უპრობლემოდ გაგვატანეს
საქართველოს კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის კახაბერ ჭუმბაძის განცხადებით, ხელოვნების სასახლის კუთვნილებაში არსებული ნამუშევრები, რომლებიც პრეზიდენტის სასახლეში დროებით იყო განთავსებული, ორბელიანების სასახლიდან უკვე წაიღეს.
როგორც ჭუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ნამუშევრებიდან სამი დაზიანებულია.
„ერთი ნახატი არის დაზიანებული, ნახევის სახით აქვს დაზიანება, ხოლო ორს ანაქერცლი აღენიშნება. ეს ყველაფერი ითვალისწინებს ამ ნახატების დაბრუნებას სამუზეუმო სივრცეში და რესტავრაციის ჩატარებას. ამ მიზნით, გასულ კვირაში ერთხელ უკვე გახლდით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსულები, მაგრამ გაურკვეველი ახსნა-განმარტებები მივიღეთ და ხელი შეგვეშალა ნახატების იმ დღეს წაღებაში, დღეს კვლავ გამოვცხადდით და ნახატები უპრობლემოდ გაგვატანეს“, - აღნიშნა გენერალური ინსპექციის უფროსმა კახაბერ ჭუმბაძემ.
ნამუშევრების დაზიანების თაობაზე ჟურნალისტებთან ხელოვნების სასახლის ფერწერის რესტავრატორმა ნუცა ადეიშვილმაც ისაუბრა და განმარტა, რომ „საგანგაშო მდგომარეობა არა არის და ნამუშევრები ფოტოფიქსაციის და ლაბორატორიული კვლევის მიზნით მუზეუმში დაბრუნდა“.
„დაზიანებები არის ძალიან მცირე ზომის, უმნიშვნელო ჩახევის სახით, რაც მექანიკური დაზიანებაა და მის წარმოშობას ვერ ვიტყვით“, - განაცხადა ნუცა ადეიშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.