Jump to content
Planeta.Ge

თურქეთის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარების დაგვიანებაში ადანაშაულებს, ერდოღანი კი მათ დაპატიმრებით ემუქრება


,,ამდენი დღის შემდეგაც ხომ ამოჰყავთ სასწაულის ძალით გადარჩენილები და დახმარება რომ არ დაგვიანებულიყო, იმ პირველი სამი დღის განმავლობაში რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა?"

,,ძალიან ბევრი ქალაქი და სოფელია ისეთი, სადაც აქამდე ერთი კრამიტიც კი არ გადაუბრუნებიათ."

 

 image.jpeg

ქართველი ანა ბერიანიძე, 20 წელზე მეტია, რაც ნათესავებთან ერთად, თურქეთში, ანტალიის პროვინციის ქალაქ ალანიაში ცხოვრობს. 6 თებერვალს, დამანგრეველი მიწისძვრის დროსაც იქ იყო. მართალია, მისი ქალაქი არ დაზარალებულა, მაგრამ მიწისქვეშა ბიძგები ალანიაშიც საკმაოდ მძლავრად იგრძნობოდა.

მიწისძვრა ღამის ისეთ მონაკვეთში მოხდა, როცა ადამიანებს ღრმა ძილით ეძინათ, ამიტომ ბევრმა რეაგირება ვერ მოასწრო და ნანგრევებში მოჰყვა.

ანას ერთი და და მისი ოჯახი მიწისძვრის ეპიცენტრში, გაზიანთეფის პროვინციის ქალაქ ისლაჰიეში ცხოვრობდა. სიძე და დიშვილიც ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდნენ. დისშვილი მეორე დღეს ცოცხალი და საღ-სალამათი ამოიყვანეს, სიძე კი მხოლოდ სამი დღის შემდეგ იპოვეს, როცა მათ ქალაქში მაშველების ჯგუფი შევიდა, თუმცა სამწუხაროდ ის უკვე დაღუპული იყო.

რეალურად რა ხდება დღეს თურქეთში, როგორ მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, რატომ არის დაზარალებული მოსახლეობა უკმაყოფილო, რამდენად შესაძლებელი იყო პირველივე საათებსა და დღეებში, ნანგრევებიდან მეტი ადამიანის გამოყვანა და რამ შეუშალათ მაშველებს ხელი, ამის შესახებ მოვლენების თვითმხილველი, ანა ბერიანიძე თავად გვიყვება.

- თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ იმ ადგილის მოსახლეობა, სადაც ეს მიწისძვრა მოხდა, უმეტესად ყველა მრავალშვილიანია. არიან დიდი ოჯახები, რომელთაგანაც ნანგრევებში 10-15-18 ადამიანია მოყოლილი და ჯერ არც ცოცხალი და არც მკვდარი არ ამოუყვანიათ. ოჯახებით და დიდი ნათესაობით არის ხალხი დაღუპული. საშინელება ტრიალებს.

უფრო დიდი საშინელება კი ის არის, რომ პირველ დღეებში, ამ სრულიად დანგრეული ქალაქების მოსახლეობის საშველად ისევ ადგილობრივები, სხვა, ნაკლებად დაზარალებული ქალაქების მაცხოვრებლები ჩავიდნენ და შიშველი ხელებით ცდილობდნენ მათ დახმარებას.

რამდენიმე დღის განმავლობაში, ნაცნობების და ნათესავების მოძიებას თუ ნანგრევებიდან გამოყვანას, მხოლოდ საკუთარი ძალებით ახერხებდნენ. არც რამე ტექნიკა, არც სამაშველო სამსახური, არავინ მათთან არ ჩასულა.

მაშინ, როცა დასახმარებლად ხალხი იზმირიდან, ანტალიიდან, სტამბულიდან, ანკარადან ჩავიდა, მაშველები სამი დღე ვერ ჩავიდნენ.

-  რამ შეუშალათ ხელი, რას ამბობდნენ? ვიცით, რომ გზებიც განადგურებული იყო.

- კი, გზებიც დაზიანებული იყო, მაგრამ დაზიანებული გზის გარდა არსებობს შემოვლითი გზები; არსებობს საზღვაო და საჰაერო გზაც. თუ ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა შეძლეს, რამდენიმე საათში ჩასულიყვნენ, მთავრობამ როგორ ვერ მოახერხა მობილიზება და ჯგუფების გაგზავნა?

ან სამხედრო ძალა რატომ არ გამოიყვანეს, ან მაღაროელები რატომ არ ჩართეს სამძებრო სამუშაოებში? მაღაროელები იხვეწებოდნენ, აგერ ვართ, ხალხო, გაგვიწიეთ კოორდინაცია, მოგვეცით აღჭურვილობა და გაგვანაწილეთ ადგილებზეო.

თურქები ისეთი გულისხმიერი ხალხია, ქუჩაში ერთს რომ ჰკითხო ვინმეს მისამართი, ნახევარი ქუჩა გარეთ გამოეფინება და ადგილს მიგასწავლის, ამიტომ თავის ძალებით ხომ ცდილობდნენ დაზარალებულთა დახმარებას, მაგრამ ვინმეს ერთი რომ დაეძახა და მათთვის კოორდინაცია გაეწია, სახლში არავინ დარჩებოდა.

მეოთხე დღეს თუ ჩაიყვანეს ადგილებზე მაღაროელები, პირველ დღეს რა ედგათ წინ?

- ოფიციალურად რასაც აცხადებენ და რასაც მთელი მსოფლიო ვუყურებთ, თითქოს, ყველაფერი პირიქით ხდება და სამძებრო საქმიანობაში ყველა ძალა პირველივე დღიდან არის ჩართული.

- ოფიციალურად კი, ყველაფერი კარგად აქვთ გადაღებული. სადაც ერდოღანი ჩადის და კამერები მიჰყვებიან, იქ ყველაფერი წინასწარ არის უკვე მომზადეული, კარვები გაშლილია, ჩაყვანილია ტექნიკა და სამაშველო სამსახურები და სამუშაოები უმაღლეს დონეზე ტარდება.

იმის იქით კი, რა მოგახსენოთ...

- თქვენ ამბობთ, რომ დანგრეულ ქალაქებსა და სოფლებში დახმარება დაგვიანდა ან არასათანადოდ გაეწიათ?

-  რა თქმა უნდა,დაგვიანდა. დაგვიანდა კი არა, რამდენი ადგილია, სადაც გარედან ჯერ კიდევ არავინ შესულა და არავინ იცის, რა მდგომარეობაა.

- თქვენი დის ოჯახი სადაც ცხოვრობდა, იქ რა რა ხდება?

- ჩემი დის ოჯახი სასაზღვრო ქალაქ ისლაჰიეში ცხოვრობდა, რომლის მოსახლეობაც 60-70- ათას ადამიანს აღემატებიოდა. აქედან უმეტესობა დღეს ნანგრევებშია მოყოლილი.

სახლებიც, კორპუსებიც, რაც არსებობდა, თითქმის, ნახევარზე მეტი მიწასთან არის გასწორებული და რაც გადარჩა, ისიც ან  საძირკველგამოცლია, ან - შუაზე გაყოფილი. არც ერთი ნაგებობა არ დგას, რომელშიც შესვლა და ცხოვრება შეიძლება.

მთელი ქალაქი განადგურებულია და მოსახლეობის 60 %-იც მიწის ქვეშ არის დამარხული. ჩემი და ამბობს, რომ ნანგრევებიდან ხალხის ყვირილი და კვნესა ისმოდა პირველ დღეს, მეორე დღეს, მესამე დღესაც, მაგრამ სამი დღის განმავლობაში, რიგითი ადამიანების გარდა, რომლებიც გადარჩენილთა დახმარებას შიშველი ხელებით ცდილობდნენ, ქალაქში სხვა არავინ შესულა.

image.jpeg

 

- თქვენი დიშვილიც ადგილობრივებმა გამოიყვანეს თუ როგორ მოხერხდა მისი გადარჩენა?

- კი, თავისმა მეგობრებმა გამოიყვანეს. ბინა 6 სართულიანი იყო და ჩემები მე-5 სართულზე ცხოვრობდნენ. ამიტომაც გაუმართლა და გადარჩა. მისი მეგობრები ეძებდნენ, იცოდნენ მათი ბინა და ახლოს რომ დაუწყებს ძებნა და ძახილი, გამოეხმაურა, თურმე. თავიდანვე უთქვამს, რომ არაფერი სჭირდა და კარგად იყო, ოღონდ მამამისის ხმა არ ესმოდა, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა ბინაში. რადგან თქვა, რომ კარგად იყო და არაფერი სჭირდა, ბიჭები სხვების საძებნელად წასულან, იმ იმედით, რომ სამაშველო ეკიპაჟები მალე მოვიდოდნენ და გადარჩენილებს უვნებლად გამოიყვანდნენ. როგორც ჩანს, მოგვიანებით ბავშვს უჰაერობაში სუნთქვა გაუჭირდა, ყვირილი დაუწყია, ცუდად ვარ, ვიხრჩობიო და ამის მერე მოუხერხებიათ მისი გამოყვანა.

წარმოიდგინეთ, იმ ბინას, სადაც ჩემები ცხოვრობდნენ, ჯერ სახურავის ნანგრევები არა აქვს  მოცილებული. ჩემი და ამბობს, რომ იმ კორპუსში ასამდე ადამიანი მაინც ცხოვრობდა, ყველანი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაგან თითქმის ყველა ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.

- თქვენი და როგორ გადარჩა?

- ჩემი და საბუთების გასაკეთებლად, ორი დღით, ალანიაში იყო ჩამოსული და ამან გადაარჩინა. როგორც კი მიწისძვრა მოხდა და ეპიცენტრის შესახებ გავიგეთ, ის, მეორე დაც და ჩვენი სხვა უახლოესი ნათესავებიც, მაშინათვე ისლაჰიეში გაემგზავრნენ. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც მათ დახვდათ... თავიდან ის ანუგეშებდათ, რომ ბავშვი ცოცხალი იყო. როგორც აღმოჩნდა, მიწისძვრის დროს, ის და მამამისი სხავდასხვა ოთახში იმყოფებოდნენ და მამის ხმა თავიდანვე აღარ ესმოდა. შესაბამისად, ვფიქრობდით, რომ მისი ცოცხლად დარჩენის შანსი ნაკლები იყო, მაგრამ მაინც იმედით ველოდით, მაშველები როდის გამოჩნდებოდნენ, რადგან საკუთარი ძალებით და შიშველი ხელებით უფრო ღრმად ვერაფერი მოიმოქმედეს.

მთელი სამი დღე-ღამე იქ იყვნენ და უცდიდნენ, მათ ქალაქში დახმარება როდის შევიდოდა. ღამეს მანქანაში ათევდნენ, ტელეფონსაც მანქანაში ტენიდნენ, მაგრამ სატელეფონო კავშირები წყდებოდა და ძლივს ვუკავშირდებოდით ერთმანეთს. თითო წინადადებით ვიგებდით, რა მდგომარეობა იყო. ვეკითხებოდი, მოვიდა ვინმე, დაიწყო სამაშველო სამუშაოები? მპასუხობდნენ, რომ არა, ჯერ არავინ გამოჩენილა...

ნანგრევებიდან ესმოდათ კვნესა და გოდება და ვერაფერს შველოდნენ.

მხოლოდ მესამე დღეს გამოჩნდა სამაშველოს ერთი ეკიპაჟი იზმირიდან, ისიც შემთხვევით.

- შემთხვევით - როგორ?

- როგორ და როგორც კი მიწისძვრა მოხდა, იზმირის სამაშველო სამსახური თავიანთი ზემდგომებისგან ბრძანებას ელოდა, თურმე, საით, რომელი მიმართულებით წასულიყვნენ, მაგრამ არავინ დაჰკავშირებიათ. სხვა სამსახურებს, ვისაც ჰკითხეს, ყველანი მათსავით, ბრძანების მოლოდინში, გაურკვევლობაში რომ აღმოჩნდნენ და მთელი დღე ისევ არავინ შეეხმიანათ, თავადვე მიუღიათ გადაწყვეტილება და ეკიპაჟებს თვითნებურად დაუწყიათ მოქმედება. გზა და გზა სხვადსხვა ქალაქს რომ მიადგნენ, იქაური ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უთქვამთ, რომ სამაშველო სამუშაოების დაწყების თაობაზე, ცენტრალური ხელისუფლებიდან, ჯერ დავალება მიღებული არ ჰქონდათ, ამიტომ მათთვის ახსნა-განმარტებები მოუთხოვიათ, თუ ვისი ნებართვით იყვნენ მისულები. ეკიპაჟი იძულებული გამხდარა, უკან გაბრუნებულიყო. ამის მერე უცდიათ ისლაჰიეში შესვლა, სადაც, ეტყობა ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოქცეულები და სამაშველო ეკიპაჟისთვის ახსნა-განმარტების მოსათხოვად არავის ეცალა.

ჩემმა დამ მითხრა, რაც მოვიდნენ, მას შემდეგ არც დაუსვენიათ, შეუჩერებლად მუშაობდნენო, მაგრამ ღამით მაინც ვერაფერს ახერხებდნენ, რადგან სრული სიბნელე ისადგურებდა. განათების არავითარი საშუალება არ ჰქონიათ, უბრალო ფანრებით და ტელეფონის შუქით უნათებდნენ ერთმანეთს, თურმე. ამასთან, იყო ცუდი ამინდი, თოვა და - 5 გრადუსი ყინვა. 

მესამე დღეს, ამ სამაშველო ეკიპაჟის დახმარებით, იპოვეს ჩემი სიძე, რომელიც უკვე დაღუპული იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ იქ მიცვალებულების ძებნა კი არა, ჯერ კიდევ ცოცხლად დარჩენილების ძებნა მიმდინარეობს. ჩემი სიძის სიხლოვესაც ვიღაცის ხმა ისმოდა და იმის ამოსაყვანად რომ ჩავიდნენ, იქ აღმოაჩინეს ესეც, თორემ ვინ იცის, ჩემებს, მშიერ-მწყურვალებს, რამდენ ხანს მოუწევდათ ყინვასა და სიცივეში ლოდინი.

ისიც ნუგეშია, რომ შევძელით და ჩვენი მიცვალებული მათი წესის და რიგის მიხედვით დავკრძალეთ, ბევრს ამაშიც არ გაუმართლა. ვისაც ნანგრევებში პოულობენ, დიდ ორმოში ერთად ათავსებენ, მიცვალებულების გასარჩევად და საფლავებისთვის ახლა ვის სცალია? როგორც ჩემმა დებმა მითხრეს, ყარს უკვე იქაურობა, ამაზრზენი სუნი დგას გარშემო.

image.jpeg

-  როცა თქვენი ნათესავები ისლაჰიედან წამოვიდნენ, იმ ერთი ეკიპაჟის გარდა, სამაშველო სამსახურები ქალაქში უკვე იყვნენ?

- მათი წამოსვლის მერე, მხოლოდ მეოთხე დღეს შევიდნენ სხვადსხვა სამაშველო ჯგუფები.

- თუ დანგრეულ ქალაქებში დახმარება დაგვიანდა და სამაშველო-სამსახურების მობილიზება დროზე ვერ მოხერხდა, მოსახლეობა უკმაყოფილებას არ გამოთქვამს?

- მოსახლეობის უკმაყოფილება და პროტესტი განუზმელია, მაგრამ ოფიციალური წყაროებით ამის შესახებ არავინ გადმოსცემს. საინფორმაციო საშუალებებს მთვარობის კრიტიკა აკრძალული აქვთ, ამიტომ ინტერნეტის საშუალებით, უამრავი ადამიანი საკუთარ აზრს ,,ტვიტერზეგამოხატავდა. მთავრობის მიმართ საყვედურების და კრიტიკის ქარ-ცეცხლი ტრიალებდა ამ ქსელში, მაგრამ ერდორანმა ზომები მის წინააღმდეგაც მიიღო.

მეორე დღესვე გამოვიდა ტელევიზიით და სპეციალური ბრძანება გასცა, რომ თუ ამ ვითარებას ვინმე ხელისუფლების მიმართ პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოიყენებს და სოციალურ პლატფორმებზე ხელისუფლების კრიტიკას დაიწყებს, დაადგინეთ მათი ვინაობა და დაუყოვნებლივ დააკავეთო.

ისეთი მუქარით და დაქადნებით გააკეთა ეს განცხადება, გეგონებოდა, ადამიანი კი არა, ლუციფერი ლაპარაკობდა მის ნაცვლად.

- როგორც ვიცით, მიწისძვრიდან პირველ დღეებში ნანგრევების ქვეშ მოყოლილმა ბევრმა ადამიანმა, თავიანთი ადგილმდებარეობის და მდგომარეობის შესახებ მიმართვები და ვიდეოები, სწორედ, ინტერნეტის საშუალებით გაავრცელა.

- კი, ძალიან ბევრი მსგავსი მიმართვა იწერებოდა იმ დღეებში, მარტო საკუთარ თავზე კი არა, სხვებზეც ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ აი, ჩვენს გვერდით კიდევ ისმის ამათი და ამათი ხმა, აქა და აქ ვართ. ძირითადად ,,ტვიტერისსაშუალებით აგზავნიდნენ ზუსტ მისამართებს, თუ სად იმყოფებოდნენ, რამდენნი იყვნენ, რაც მაშველებს საქმეს გაუიოლებდა, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ერდოღანმა ტვიტერი საერთოდ გათიშა. ხალხში ამანაც ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ტელეფონების ხაზებიც გათიშული იყო და ხალხი რეალურ ამბებს, კომპიუტერებიდან და პლანშეტებიდან, ინტერნეტის საშუალებით გებულობდა.

ინტერნეტით გავრცელებულ კადრებში ვნახე ის ვიდეოც, უბრალო მოსახლეობა, ვისაც რა გაჩნდა, სატვირთოები, ტრაქტორები, ექსკავატორები, ზოგი თავ-თავიანთი სამუშაო იარაღებით, კილომეტრიან რიგში, ერთ-ერთი ქალაქის მისადგომებთან როგორ იდგენენ და  დასახმარებლად შესვლას ითხოვდნენ, მაგრამ გზა გადაკეტილი იყო და არ უშვებდნენ. ჟურნალისტებიც იყვნენ იქ, რომელთანაც ერთი თურქი ცნობილი მომღერალი მივიდა, ვისაც მიწისძვრის შედეგად, იმ ქალაქში რამდენიმე ნათესავი ჰყავს დაღუპული და ამ ჟურნალისტებს ჰკითხა, რას ელოდებით, რა ინფორმაცია გაქვთ, რატომ არ უშვებენ ამ ხალხს დასახმარებლადო და მათ უპასუხეს, რომ ბრძანებას ელოდებოდნენ.

ვის და რის ბრძანებას ელოდებით, გახსენით კორდონი და შეგვიშვითო, ხალხი აყვირდა.  

- კი, მაგრამ რა იყო მიზეზი, რატომ იგვიანებდა ან ვისგან უნდა ყოფილიყო ბრძანება, რატომ არ უშვებდნენ ამ ხალხს დასახმარებლად ან სად იყო სამაშველო ეკიპაჟები? რით ხსნიან ამ ქმედებას?

- ზუსტი მიზეზი არავინ იცის, რაც თვალსაჩინო იყო და არის, ესაა ორგანიზების და კოორდინაციის ნული დონე.

დასახმარებლად არმია მეოთხე დღეს გამოიყვანა, მაღაროელებიც - მეოთხე დღეს. არადა, მაღაროელებიც პირველივე დღიდან იხვეწებოდნენ, გაგვიშვითო. მათ ხომ ყველაზე უკეთ იციან მიწისქვეშ და სიღრმეებში მუშაობის წესი და ტაქტიკა?

თურქეთის ხელისუფლების მოქმედების მიმართ ბევრნაირი აზრი არსებობს, ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ მე ჩემეული ახსნა მაქვს.

ეს არის მთავრობის უსუსურობის შედეგი, როცა ძალაუფლება ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული და საკვანძო საკითხებზე პასუხიმგებელ პირებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. მით უმეტეს, როცა სათანადო კომპეტენციაც არა აქვთ.

თურქეთის სამაშველო სამსახურების უფროსი არის პირი, რომელსაც უმაღლესი განათლებაც არ აქვს მიღებული და რელიგიურ სასწავლებელში, მხოლოდ ყურანის კურსი გაიარა. როცა ასეთი მნიშვნელოვანი სისტემის სათავეში ასეთი უცოდინარი ადამიანი დგას, მეტს რას უნდა ელოდო?

მან დამოუკიდებლად გადაწყვეტილება ვერ მიიღო, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ვერ აიღო, ქმედითი ნაბიჯები ვერ გადადგა და ელოდა ბრძანებას, რომელიც ერდოღანმა არ გასცა.

ერთი დაეძახათ და სამაშველო სამსახურები კი არა, მთელი თურქეთი დადგებოდა ფეხზე. ნახავდით, ალბათ, იმ კადრებს, აეროპორტები ხალხით რომ გაივსო, იხვეწებოდნენ, რეისების დანიშვნას, თვითმფრინავებს ითხოვდნენ, რათა სტიქიის ზონაში ჩასულიყვნენ და დახმარება გაეწიათ. ვერც ეს მოხერხდა.

მოხალისეებს თავი დავანებოთ, რამხელა ჯარი და არმია ჰყავს, ეს ძალა გამოეყენბეინა.

მაგრამ თურქეთის ჯარის ავტორიტეტი, რამდენიმე წლის წინ, ცნობილი აჯანყების დროს გააცამტვერა და ამიტომ ახლა ეშინია, ჯარი და მოსახლეობა ისევ არ დაახლოვდნენ. სამხედროები ხალხს რომ დაეხმარებიან, მათ შორის ნდობა და კეთილგანწყობა დამყარდება და ეს არ უნდა. ამიტომ არ გაიყვანა დროულად სამხედრო ძალა.

თურქეთის პრეზიდენტის ქმედებებს პოლიტიკურ ჭრილში და უფრო ღრმად რომ ჩავხედოთ, იმდენ საშინელებას დავინახავთ...

- დღეს, როცა მის ქვეყანაში ასეთი უბედურება ტრიალებს, შეიძლება მსგავს შიშებზე იყოს საუბარი?

- უარესსაც გეტყვით, ბევრი თურქი ფიქრობს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა მიწისძვრით დაზარალებული რეგიონისთვის მიზანმიმართულად დააგვიანა დახმარების გაწევა, ვინაიდან მათ მიმართ კეთილგანწყობილი არასდროს ყოფილა, რადგან არც ისინი გამოირჩეოდნენ მის მიმართ სიმპათიით და არჩევნებში მხარს არასდროს უჭერდნენ. ამიტომ რაც ნაკლები ხალხი გადარჩება, მით ნაკლები ოპონენტი ეყოლება, თუმცა, მოქალაქეები ამ შემთხვევის მერე ისეთი გამწარებულები არიან, ერდოღანისთვის უმჯობესია, არჩევნებზე აღარ იფიქროს.

წარმოიდგინეთ, სამი დღე-ღამე რომ ელოდები, იქნებ, ვინმე გამოჩნდეს და გიშველოს, ცოცხალი თუ არა, მკვდარი მაინც დაიხსნა ნაგრევებიდან. ყველას იმედის თვალით რომ შეჰყურებ და არავინ მოდის... მით უმეტეს, როცა პირველი 72 საათია გადამწყვეტი, მერე უკვე მხოლოდ სასწაული შეიძლება მოხდეს.

ამდენი დღის შემდეგაც ხომ ამოჰყავთ სასწაულის ძალით გადარჩენილები და დახმარება რომ არ დაგვიანებულიყო, იმ პირველი სამი დღის განმავლობაში რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა?

image.jpeg

- ამ დროისთვის დასტურდება, რომ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თურქეთში 30 ათასს გადასცდა. რას ამბობენ ადგილობრივები, რეალურად, რამდენი ადამიანი შეიძლება სტიქიის მსხვერპლი აღმოჩნდეს?

- საუბედუროდ, რიცხვი, რომელიც ამჟამად სახელდება, რეალურ მსხვერპლთან მიახლოებულიც არ იქნება.

როგორც უკვე გითხარით, დაღუპულები, რომლებსაც ახლა ითვლიან, ის ადამაინები არიან, ვინც, ცოცხლების ძებნაში, გზადაგზა იპოვეს, თორემ გარდაცვლილების ძებნა და გამოყვანა ჯერ არ დაუწყიათ.

ძალიან ბევრი ქალაქი და სოფელია ისეთი, სადაც აქამდე ერთი კრამიტიც კი არ გადაუბრუნებიათ და ხომ წარმოგიდგენიათ, მსხვერპლი რამხელა შეიძლება  იყოს?

- დაახლოებით რამდენ ადამიანს ვარაუდობენ, ვინც ამ ქალქებში ცხოვრობდა და ვინც, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყოს?

- ვარაუდობენ, რომ ამ დროისთვის ნანგრევებში, მინიმუმ 200 ათასი ადამიანი მაინც არის მოქცეული და ეს, ალბათ, ყველაზე დაბალი რიცხვია.

ჩემი და ამბობდა, რომ მარტო მის ბინაში ასამდე ადამიანი ცხოვრობდა, მთლიანად მის ქალაქს კი 60-70 ათასი მობინადრე ჰყავდა. სხვა მეზობელ ქალაქებში 80-100 ათასი მოსახლეც იყო. ასეთი რამდენიმე ქალაქია დანგრეული და მიწასთან გასწორებული.

ეს რაც შეეხება ქალაქებს, ახლა რამდენი სოფელია, სადაც ჯერ არც მაშველები და არც ჟურნალისტები შესულან და არავინ იცის, რა მდგომარეობაა.

მთელი მსოფლიო უყურებს მხოლოდ იმას, რასაც ტელევიზიით ოფიციალურად გადმოსცემენ, ორმაგად დიდი უბედურება კი კამერების მიღმაა დარჩენილი.

  

ირმა ბერიშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...