Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

მოგონებების ყელსაბამი, შობის თბილი სუნთქვა და მოლოდინში „დაწერილი ყავა“


katya

2.126 views

blog-0368118001357480846.jpgჩემს ცხოვრებაში (ისე, როგორც თქვენს ცხოვრებაში) მოიპოვება წამები, რომელთა აკინძვა და, სხვა ძვირფასეულობასთან ერთად, ზარდახშაში შენახვა მინდება. მაშინ, როცა ძალიან მიჭირს, ამ ფაქიზად ასხმულ წამებს ყელზე სამკაულივით ვირგებ და მშველის ისევ თავიდან გასაბრწყინებლად...

შეიძლება ზედმეტად „ქალურ– სენტიმენტალური“ რამე ვთქვი, მაგრამ, ბოლო დროს, ამ განწყობაზე ვარ. ალბათ იმიტომ, რომ ახალი ისეთი არაფერი ხდება, ყოველ შემთხვევაში, ჯერ–ჯერობით არაფერი, რომ ყელზე ჩამოსაკიდებლად ღირდეს. უბრალოდ ვაკეთებ აღმოჩენებს „ადამიანთმცოდნეობაში “, მაქვს თავზე საყრელი დრო, იდეა და გროშიც არ მიჭყავის ჯიბეში.

მერე რა? არც არაფერი, რომ ზამთარია, მეტიც, ამეღამ შობაა... ამიტომ, ჩემი გაძლება ისევ თქვენ მოგიწევთ. გითანაგრძნობდით სიამოვნებით, მაგრამ, სადაც 9 წელი იმ უკვე ვადაგასულ მალფუჭად პროდუქტს უძლებთ, მეც გამიძელით. მიშაზე უარესად არც გამოვიყურები და არც მასზე უარესს ვაშავებ რამეს.

გუშინ მამაჩემმა ძალიან მაგარი რამე თქვა – ასაკთან ერთად ხვდები, რომ ყველაზე მაგარი დღესასწაული ხვალინდელი დღეაო... ლამაზად თქვა, მაგრამ მაინც მეტკინა... ასე მგონია, დედისერთებისთვის მშობლები უფრო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჰოდა სასტიკად, სასტიკად განვიცდი მშობლების ასაკის მატებას... რატომღაც, მათ გარეშე ცხოვრების მეშინია. არადა არ ვარ მშიშარა.

ხვალ კი შობაა...

ჩვილი იესო ბაგაში, სანთლები სარკმლებში, იმედიანი გულები თვალებში ...

თბილია შობა! ყველაზე საყვარელი ადამიანის სუნთქვასავით თბილი.

ბებიაჩემისგან მახსოვს, თუ უმიზეზოდ ნერვიულობას დაიწყებ, მიზეზი აუცილებლად გამოჩნდებაო, ჰოდა, ამასობაში, ისე გავიზარდე, მიზეზითაც კი აღარ ვნერვიულობ. უბრალოდ, ვცდილობ, გადავრჩე. ჩვენი წარმოდგენები იმაზე, როგორ უნდა იყოს სამყარო ჩვენს ორბიტაზე მოწყობილი, ხშირად გვიშლის ხელს იმის დანახვაში რაც გვაქვს.

ჭკვიანმა ადამიანმა რომ სისულელე თქვას, უმრავლესობა იმას იფიქრებს, რომ ეს ძალიან ჭკვიანური სისულელეა, თუმცა, ეს უბრალოდ სისულელეა, ჭკვიანი ადამიანის მიერ ნათქვამი და, არ დამიწყოთ ახლა, ჭკვიანი ადამიანები სისულელეებს არც ამბობენ და არც აკეთებენო... მაგალითებს ნუ მომაყვანინებთ, შობა გვაქვს ჯერ სადღესასწაულო!

საშობაოდ საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ბელგიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარის თხოვნით მიმართა და იმანაც თხოვნა შეისმინა, მაგრამ, სტრასბურგის პრაქტიკაგავლილ მის „კოლეგა“ ქალბატონ წულუკიანს, ისეთი წიგნი ჰქონია, „შვებულებაში გაქცეულებისთვის“ შეუთვლია – მოდით ბიჭებო, გიმკითხავოთო! – გვერდი ესა და ესაო, აბზაცი – ესა და ესაო, მუხლიც – ესა და ესაო! უმუხთლებს ევროპა, გული მიგრძნობს, სამპასპორტიან „ფიგურას“. ასეა, ჩრდილები შუადღისას ქრებიან...

მიხეილმა ერთგული და მოსიყვარულე პოლიტიკურად მწიფე და უმწიფარი მდედრები სააპარტამენტო რეჟიმიდან საველე რეჟიმზე გადაიყვანაო და პირდაპირ წინა ხაზზე ამოაყოფინა თავი. მერე ვითომ, დუბაიში ხუთვარსკვლავიანი კომპენსაცია გაუჩალიჩაო, ვითომო... კი ბატონო, მე კი არ დავიჯერებ, მაგრამ, მერე ისე არ მოხდეს, ზოგიერთები რომ კიკინებდნენ და მიშა ადასტურებდა ბოდრუმის სათბურებში გავლილ მასტერ–კლასებს. ეგ ამბავი მაინც „გასოცქსელდება“, ნუგზარი და ის ბლანჟეიანი გარემოსდამცველი იყვნენ კარგად და... წიკლაურს რა გული მოუთმენს, იქაური სასტუმროს აბაზანაში რომ არ უკვდავყოს საკუთარი ფიზიონომია, ანდა ხაჩიძემ პირდაპირ Dubai Mall–იდან არ „დაპოსტოს“...

რას ვიზამთ? როცა პოლიტიკაში საქმეები ცუდად მიდის, სცენაზე გამოდის კლოუნადა!

დღეს ადექვატურობა, თურმე, მხოლოდ იმის ცოდნაა, ვისთან არ უნდა თქვა ის, რასაც ფიქრობ... გულწრფელი ტყუილი – იმის თქმა, რაც არ იცი. თურმე, მთავარია, ადამიანი დაარწმუნო, რომ მას უმართლებს და, დაცემის პროცესშიც, იმაზე იფიქრებს, რომ დაფრინავს.

ბრეჰტმა თქვა ხომ , – ყველა სიკეთე იმასო, ვინც სიკეთესო...

როგორ მინდა გეთანხმებოდე უსიტყვოდ, ჩემო ძვირფასო ბერტოლდ, მაგრამ, ეს ჩვენი კეთილი მეგობარი ამერიკა რომ მაგ სიკეთის სახელით ბომბავს ქვეყნებს და მერე თავისი ტანკერებით იქიდან მთელი სიკეთე გამოაქვს, როგორ იქნება ეგ საქმე?

როცა პუტინის მეგობარი ჟერარდი ცოტაოდენ რუსულს ისწავლის, მასაც იმდენი რამის აღმოჩენა და გაგება ელის საკუთარ თავზე...

წინასაშობაოდ, BBC-ს ინფორმაციით, ეკლესიის ეპისკოპოსთა პალატა, ჰომოსექსუალ მღვდლებს, ეპისკოპოსების ნებას რთავს, თუ ისინი დაუქორწინებლობის აღთქმას დადებენ. რა გითხრათ, ალბათ მათი მრევლი მაგ ნებართვისთის ლოცულობდა და შეისმინეს. ..

მე და ჩემი მეგობარმა მაგალითად, ამ დღეებში, ნაგუბერნატორალ გოროზიას მამის ბიზნესს დავადგით თვალი. ეგ ისეთი ოჯახია, ტყუილად რომ თავს არ შეიწუხებს საკუთარი თავისთვისაც კი და არამგონია, მარტვილში ინგლისური ჯიშის ღორები მხოლოდ თვალის გასახარად ჩამოეყვანათ. როგორც გავარკვიე, ინგლისური ჯიშის კერატისგან ერთი დამაკება 30 ლარი უჯდებათ საბრალო ქართველ დედალ ღორებს. ალფონსობაც ევროპული კულტურის ნაწილია და მისი ჩვენს კულტურაში ჩანერგვა ღორებიდან უნდა დავიწყოთ,აბა როგორ?!

არაუშავს ხალხო, რაღაც გვეშველება, აბა ასე ხომ არ დავრჩებით? ზოგიერთები კიდევ გაიქცევიან, ზოგიერთებს მუხლებს მოარგებენ, ზოგიერთები დაბრუნდებიან, სხვადასხვა მიზეზით და სხვადასხვა სინდისით. აგერ, კიტოვანმა შობას ჩამოუსწრო. ახალ წლამდე ჩამოგვისწრებს ვინმე და იანვრის ბოლოს საავტორო ვერსიების მოსასმენადაც მოვიცლით, როგორ, რატომ და რისთვის გაისროლა 20 წლის წინ, შუაგულ თბილისში, ქართველმა ქართველის წინააღმდეგ...

ფული ანგარიშსწორების საუკეთესო ფორმაა, სიტყვა – მადლიერების გამოხატვის, საქმე – დახმარების და თანადგომის. თუ ანგარიშსწორება მადლობის თქმაზე ანდა კეთილ საქმეზე უფრო გიადვილდებათ, ეს ყოველთვის დროის დეფიციტის ბრალი არაა. ყოველ ჯერზე, ვიდრე რაიმეს გაიფიქრებთ, იფიქრეთ, იქნებ, არასწორად ფიქრობთ?!.

ყველამ კარგად ჩავიბეჭდეთ ტვინებში, რომ შეცდომები სწავლის საუკეთესო მეთოდია. ჩვენ ხომ ბავშვობიდან იმასაც გვიბეჭდავდნენ ტვინებში, რომ „სწავლა არასოდესაა გვიან !“ ანდა „სწავლა! სწავლა და სწავლა!“–ო ყველა სკოლის დერეფანში რომ დიდი ასოებით ეწერა, თან ყველა სართულზე, აბა რა ეგონათ? ჰოდა ჩვენც ვცდებით, ვცდებით და ვცდებით! და მერე რა? ამაში ისეთი „ ცუდი“ ხომ არაფერია?!.

მაგრამ, ყველაზე ცუდი იცით რა არის? ერთ მშვენიერ დღეს რომ მოიხედავ და ზურგს უკან საკუთარი ჩრდილის გარდა ვერაფერს აღმოაჩენ...

იმედია, შემდეგ შობამდე, ვიღაცისთვის ერთთვიანი საარსებო მინიმუმისა და ვიღაცისთვის ერთი ჩვეულებრივი სადილის თანხებზეც შევჯერდებით.

მართლა არც ისეა საქმე, თითქოს ხარისხიანი დასაქოქი სათამაშოები ჩვენში მხოლოდ „სექს შოპებში“ იყიდებოდეს. ან ეგ „შოპები“ სადა გვაქვს რო? 60 ლარში პეროვზე მექანიკურს შემოგთავაზებენ და იმითაც ბედნიერი უნდა იყო. თუმცა, მე რა უნდა ვიყო? იყვნენ „ეგზოტიკის მოყვარული“ ქართველი მამრები... ;)

ისიც მითია, რომ ქალს მამაკაცში მხოლოდ ფული უყვარს. ეგ სისულელე იმათი მოგონილია, ვისაც ფულის გარდა სხვა არაფრის შეთავაზება შეუძლიათ ქალისთვის...

ხვალიდან გახსნილდება და სიყვარულზეც ფიქრი და სიყვარულის კეთებაც შეგვეძლება. როგორც ჩემი საყვარელი ფრანგი – ბებერი მორიაკი– იტყოდა, გიყვარდეს, ნიშნავს ხედავდე სხვებისთვის უხილავს... როცა იმ დროს იხსენებ, როცა გიყვრადა, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს იმის შემდეგ არც არაფერი მომხდარაო..

ესეც თქვენი ზარდახშაში ჩასადები თვალი პატიოსანი მოგონებების ყელსაბამისთვის.

და არ დამიწყოთ ახლა, – გენიოსი ხარო, ასეთიო, ისეთიო!.. ავტორი გენიალური გენიალური ნაწარმოების შექმნის მომენტშია, თორემ დანარჩენ დროს უბრალოდ ნიჭიერია და მეტი არაფერი...

P.S.

ნიკოლოზა მქაჩავს სახელოს:

დე, ყავა ველ დაწელე?

ვამთავრებ!

დე, სენ ყავას ხან ლევ და ხან წელ?

ჰო ნიკა, ჯერ ვსვამ და მერე ვწერ...

მელე, დაწელე, ჩალა! აბა ვის ჩავეხუტო მე?

შობის მადლი და ყავამშვიდობისა თქვენ, ადამიანებო!

კატო ჩულაშვილი

2 Comments


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...