მიწისძვრიდან ერთ კვირაში, თურქეთში ნანგრევებიდან კიდევ ორი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს
მაშველებმა თურქეთის გაზიანთეპის პროვინციაში გადაარჩინეს 40 წლის ქალი, რომელიც დაახლოებით 170 საათის განმავლობაში იმყოფებოდა 5-სართულიანი სახლის ნანგრევებში. ამის შესახებ სააგენტოები Anadolu და Reuters-ი იუწყებიან.
გადარჩენილ ქალს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
CNN-ის ცნობით, მაშველებმა ჰათაის პროვინციაში გადაარჩინეს კაციც, რომელიც ნანგრევებში იმყოფებოდა 167 საათის განმავლობაში.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ორი დამანგრეველი, 7.7 და 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. 13 თებერვლის დილის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 29 600-ს აჭარბებს.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება სტიქიური უბედურების ზონაში, რომელიც მოიცავს თურქეთის 10 პროვინციას, მათ შორის კაჰრამანმარაშს, გაზიანთეპს, ჰათაის, ადანას, დიარბაქირს და მალათიას. ამ პროვინციებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
6 თებერვლის მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაშიც, სადაც ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 4574 ადამიანი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.