სეისმოლოგი - თუ სწორად ავაშენეთ, კატასტროფული მიწისძვრებისგანაც შეგვიძლია თავი დავიცვათ - ქალაქში 5-6 მაგნიტუდას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება
თუ სწორად ავაშენეთ, კატასტროფული მიწისძვრებისგანაც შეგვიძლია თავი დავიცვათ, - ამის შესახებ სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდგომმა სურათმა აჩვენა, რომ მშენებლობების ნაწილი დაინგრა, ნაწილი კი გადარჩა, შესაბამისად, უსაფრთხოება მშენებლობის ნაწილში მნიშვნელოვანია.
„ყველა კადრში, რომელსაც აჩვენებენ, ჩანს ერთი-ორი შენობა, რომელსაც არაფერი მოსვლია, რაც იმას გვიჩვენებს, რომ თუ სწორად ავაშენეთ, ასეთი კატასტროფული მიწისძვრებისგანაც კი შეგვიძლია თავი დავიცვათ. ყოველი სახლის ძალიან დეტალური ანალიზია საჭირო, რატომ მოხდა [ნგრევა], მაგრამ ჩანს უმეტესობა, რომ უხარისხო მშენებლობის გამო. ისიც ითქვა, რომ ბოლო წლებში მოადუნეს აქ ყურადღება“, - განაცხადა სეისმოლოგმა და დასძინა, რომ მშენებლობების კუთხით, თურქეთის კანონმდებლობაში „ძალიან მკაფიოდ არის ნაჩვენები პასუხისმგებლობა“.
ამასთან, სეისმოლოგის განცხადებით, კავკასია „საშუალო სეისმურ რეგიონად“ ითვლება და ისეთი ძლიერი მიწისძვრები, როგორიც მაგალითად, თურქეთში მოხდა, ნაკლებად მოსალოდნელია.
„ძალიან ნაკლებად მოსალოდნელია. ასეთი დიდი მიწისძვრები კავკასიაში არ მომხდარა და მოსალოდნელი არ არის. უფრო მკაცრად, რომ ვთქვათ, ძალიან მცირეა ალბათობა.
კავკასია ითვლება საშუალო სეისმურობის რეგიონად, რაც იმას ნიშნავს, რომ ძლიერ მიწისძვრებს შორის პერიოდი საკმაოდ დიდია. ისეთი გრანდიოზული მიწისძვრები ჩვენთან არ ხდება, როგორც იაპონიაში, ინდონეზიაში და ა.შ., მაგრამ ძლიერი მიწისძვრები ხდება - სპიტაკი საქართველოდან 20 კილომეტრში იყო“, - განაცხადა მან.
ამასთან, სეისმოლოგი ფიქრობს, რომ ქალაქში 5-6 მაგნიტუდას შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს.
„მაგნიტუდა 5-ზე და მითუმეტეს 6-ზე ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება, სამწუხაროდ, ასეა“, - დასძინა სეისმოლოგმა.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.