არგენტინის მიგრაციულმა სამსახურმა დაიწყო ბინადრობის ნებართვის გაუქმება რუსეთის მოქალაქეებისთვის
რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არგენტინაში ბინადრობის ნებართვა ქვეყანაში ბავშვის დაბადების შემდეგ მიიღეს, მაგრამ შემდეგ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტეს, არგენტინის მიგრაციულმა სამსახურმა დაიწყო ამ ნებართვის გაუქმება, - განაცხადა ამ სამსახურის ეროვნულმა დირექტორმა, ფლორენსია კარინიანომ ტელეარხ C5N-ის ეთერში.
მან განმარტა, რომ როცა სასამართლოში მოხდება რუსეთის მოქალაქისთვის არგენტინის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა, მიგრაციის სამსახური წარადგენს მონაცემებს ბინადრობის ნებართვის შეჩერების შესახებ იმის საფუძველზე, რომ იმ კონკრეტულმა ადამიანმა "ერთი თვე გაატარა არგენტინაში და მას შემდეგ არასდროს აღარ ჩამოსულა". "თუ სასამართლოს, ამ საბუთების მიუხედავად, ექნება სურვილი, მიანიჭოს მოქალაქეობა ისეთ ადამიანს, რომელიც არ ცხოვრობს და არ უცხოვრია არგენტინაში, მისი საქმეა. ჩვენ ვაუქმებთ ბინადრობის ნებართვას", - განაცხადა კარინიანომ.
10 თებარვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუენოს-აირესის აეროპორტში მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყანაში არ შეუშვეს რამდენიმე ფეხმძიმე რუსი ქალი. მათ უარი ეთქვათ ქვეყანაში შესვლაზე "ცრუ ტურიზმის" მიზეზით. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ არგენტინაში მათი ყოფნის რეალური მიზანი არ შეესაბამება მათ მიერ განცხადებულ მიზანს. თუმცა ისინი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაინც შეუშვეს ქვეყანაში. არგენტინის კანონების მიხედვით, ბავშვი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე იბადება, იღებს მოქალაქეობას „მიწის უფლების“ (ius soli ) პრინციპით. მის მშობლებს შეუძლიათ მიიღონ მუდმივი ბინადრობის უფლება და მოგვიანებით - ასევე, მოქალაქეობაც.
არგენტინაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები იტყობინებოდნენ, რომ 2022 წელს, ქვეყანაში დაახლოებით, რუსეთის 2500 მოქალაქე გადავიდა. მათ შორის ბევრი ფეხმძიმე ქალი, რომლებიც იქ ბავშვის გაჩენის მიზნით ჩავიდნენ.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.