პენტაგონი - იანვარში თავდაცვის დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა, რომ გეგმავს, საქართველოს უსაფრთხოების სფეროში დახმარებისთვის 33 მილიონი დოლარი გამოუყოს
საქართველო აშშ-სგან დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, იანვარში თავდაცვის დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა, რომ გეგმავს, საქართველოს უსაფრთხოების სფეროში დახმარებისთვის 33 მილიონი დოლარი გამოუყოს.
„დღეს მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ ჩვენ დავამტკიცეთ საქართველოსთვის რისკების შეფასების გადახდის გრაფიკი, რათა საქართველომ შეძლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს. ეს განცხადება ასახავს ღირებულებებს, რასაც ჩვენ ორმხრივ ურთიერთობასა და პარტნიორობას ვანიჭებთ“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, რომელმაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს უმასპინძლა.
ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ სამი ათეული წლის განმავლობაში აშშ მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„საქართველომ გააღრმავა თავისი კავშირები დასავლეთთან და მხარი დაუჭირა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში“, – განაცხადა ოსტინმა.
მისი თქმით, საქართველოს სამხედრო დანაყოფები მსახურობდნენ და სიცოცხლეს სწირავდნენ აშშ-ისა და ნატო-ს ძალების გვერდიგვერდ კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.
„საქართველო ერთ სულ მოსახლეზე იყო ავღანეთში ნატო-ს მისიის უმსხვილესი კონტრიბუტორი. ღრმად ვაფასებთ საქართველოს უდიდეს გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების, სტაბილურობის კუთხით. ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში კვლავ ღრმავდება“, – განაცხადა თავდაცვის მდივანმა.
მისი თქმით, საქართველო არის უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ნაწილი, რომელიც 20 იანვარს გერმანიაში რამშტაინის ავიაბაზაზე შეიკრიბა.
„საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში გვეხმარება, გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გააძლიეროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავს. ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და გაბედულად იბრძვის რუსეთის არაპროვოცირებული, უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ“, – განაცხადა ოსტინმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.