Jump to content
Planeta.Ge

ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე პატიმრობა აღარ შეეფარდა, რადგან ბანკის ყაჩაღობის საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს


ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე პატიმრობა აღარ შეეფარდა, რადგან ბანკის ყაჩაღობის საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

მოკლე რეპლიკით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ესებუამაც, რომელიც სხდომას დისტანციურად ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„არაფრის დამატება არ მინდა, უბრალოდ მინდა, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვიმყოფებოდე და არა აქედან - „სკაიპით“. აზრი არ აქვს ასე საუბარს, ძლივს მესმის ხმა. ვატყობ, ფაქტობრივი მისამართიც რომ არ მაქვს, ესეც დანაშაულია, ჩემი სახლი რომ არ მაქვს“, - განაცხადა ესებუამ.

საქმის პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ განაცხადა, ბადრი ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და ე.წ. აფხაზური პასპორტი ჰქონდა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, მოცემულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობდა. მისივე თქმით, ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

„საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...