გიორგი კალანდარიშვილი - ვინ, რით მჯობნის, კენჭისყრამ აჩვენა - პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან ის ექსპერიმენტი და მოლოდინი, რომ სხვა ჩემზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებდა, კარგად ვნახეთ, რომ ნულოვანი მხარდაჭერით დასრულდა
ვინ, რით მჯობნის, ფაქტობრივად, კენჭისყრის პროცესმა აჩვენა. პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან ის ექსპერიმენტი და მოლოდინი, რომ სხვა ჩემზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებდა, კარგად ვნახეთ, რომ მათი კენჭისყრის პროცესი ნულოვანი მხარდაჭერით დასრულდა, - ასე უპასუხა ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ თქვა პრეზიდენტმა ორჯერ უარი ცესკო-ს თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის გადაგზავნაზე და რა კრიტერიუმებით სჯობნის მას სხვა კანდიდატები.
აღნიშნულის შესახებ კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო “პულმანში” განუცხადა, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში და 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმა წარადგინა.
„დღეს საკანონმდებლო ორგანოში ახალ წარდგენილ კანდიდატებთან ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს ასევე განხილვები და გასაუბრებები, რომელთა შორის მე არ ვარ. მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ჩემი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საქმიანობით დღეს, ინსტიტუციას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს და დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ვნახეთ ის პოზიტიური შეფასებები ჩვენს საქმიანობასთან, პროგრესთან, სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით, რომელიც სხვადასხვა ჩართული მხარეების მიერ გაისმა. რაც შეეხება არჩევის საკითხს, ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ წესი წესია, რომელსაც უნდა მივყვეთ და დავემორჩილოთ, ფაქტია ისიც და პრაქტიკამაც აჩვენა, რომ ეს წესი ვერ არის ისეთი ეფექტიანი, როგორიც უნდა იყოს, იმიტომ, რომ დღეს ინსტიტუციის წინაშე დგას არაერთი გამოწვევა, არაერთი მნიშვნელოვანი საქმე იმისთვის, რომ მოვემზადოთ 2024 წლის არჩევნებისთვის, ნაცვლად იმისა, რომ დღეს, თავმჯდომარე ექვსთვიანი არის, ერთწლიანი თუ სამწლიანი, ეს საკითხი დღის წესრიგში არსებობდეს. ინსტიტუციის მიმართ ეს მნიშვნელოვნად აზიანებს ზოგადად გარემოს, დამოკიდებულებას იმიტომ, რომ ეს საკითხი, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან მადისკრედიტირებელი კამპანიის ფარგლებშია წარმოჩენილი და ერთის მხრივ, შესაძლოა ემსახურებოდეს იმ მნიშვნელოვანი რეპუტაციის შელახვას, რომელიც დღეს, ინსტიტუციას და მის ხელმძღვანელს გააჩნია", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, მას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია არ ჰქონია, ხოლო, რატომ თქვა უარი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცესკო-ს თავმჯდომარედ მის კანდიდატურაზე, კალანდარიშვილი განმარტავს, რომ ეს თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის დისკრეციაა, შესაბამისად, არავის აქვს უფლება ჩაერიოს მის გადაწყვეტილებაში.
„ჩვენ პატივს ვცემთ, ვემორჩილებით წესს და კანონს და ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად", - აღნიშნა კალანდარიშვილმა.
ასევე, მან უპასუხა შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი, რომ 2024 წლის არჩევნები მან ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით ჩაატაროს.
„მე ვარ თავმჯდომარე და არავითარი დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. კანონი იმპერატიულად ამბობს და საუბარი გვაქვს ორგანულ კანონზე, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მოქმედ თავმჯდომარეს ვადა უგრძელდება და არ ასრულებს მოვალეობას. საზოგადოებამ კარგად ნახა ის პროგრესი, რომელიც ჩვენი მუხლჩაუხრელი საქმიანობის შედეგად დღეს, ინსტიტუციას აქვს. ინსტიტუცია არ უნდა დაზარალდეს, არ უნდა დაზიანდეს მისი საქმიანობა, რეპუტაცია და გარემო იმით, რომ ყოველდღიურად ხდებოდეს სპეკულირება ამ ექვსთვიანი ვადებით. ვხედავთ, რომ გარკვეულწილად ალბათ, წესშიც არის პრობლემები", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.