ვოლოდიმირ ზელენსკი - გაერთიანებულ სამეფოსთან შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მოწოდებაზე შევთანხმდით
ჩვენ გვაქვს თავდაცვის ძლიერი პაკეტი გაერთიანებული სამეფოდან. შევთანხმდით ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობაზე, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მოწოდებაზე და ასევე უკრაინელი მფრინავების წვრთნების დაწყებაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოში მისი ვიზიტი უაღრესად პროდუქტიული იყო.
"მადლობელი ვარ პრემიერ მინისტრ სუნაკის ჩვენი საჭიროებების გაგებისთვის, კარგი რჩევებისთვის და გადაწყვეტილებისთვის, რომლებიც დაეხმარება უკრაინელ მეომრებს კიდევ უფრო გაძლიერდნენ. მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობა მეფეს დღევანდელი შეხვედრისთვის, ჩვენი საუბრისთვის. მადლობას ვუხდი ბრიტანეთის პარლამენტის თითოეულ წევრს, რომლებმაც ჩემი გამოსვლის დროს ცხადად აჩვენეს, რომ ბრიტანეთი არასოდეს დათმობს თავის მამაც სულს და მადლობას ვუხდი გაერთიანებულ სამეფოში ყველას, ვინც დღეს ლონდონის ქუჩებში უკრაინის დროშებით გამოვიდა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთიანობის დეკლარაციას, რომელიც უკრაინა-ბრიტანეთის თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების პრინციპებს ასახავს.
"ბატონ პრემიერ-მინისტრთან ერთად ხელი მოვაწერეთ ერთიანობის დეკლარაციას. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენი თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების პრინციპებს. ეს არის ურთიერთობის ახალი დონე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან გაერთიანებული სამეფოს პრემიერს უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„რიში, მსურს პირადად თქვენ და გაერთიანებულ სამეფოს გადაგიხადოთ მადლობა მზადყოფნისთვის, რომ ჩვენთან ერთად იმუშაოთ უკრაინული მშვიდობის ფორმულის სრულად განსახორციელებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან უკრაინელ ჯარისკაცებსაც მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას ექნება ყველაფერი, რაც სჭირდება საკუთარი ხალხისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.