Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი ზარქუა - მე მგონია, რომ პრეზიდენტს არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე და რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ - თუ ნიჰილიზმშია, თქვას, დავიღალეო და გავიდეს, ან ოპოზიციაში გადავიდეს


მე მგონია, რომ პრეზიდენტს არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე და რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ - თუ ნიჰილიზმშია, თქვას, დავიღალეო და გავიდეს ან ოპოზიციაში გადავიდეს,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის განცხადებას.

ზარქუა ამბობს, რომ საქართველოს საკითხი ახლა საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალურია.

"მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე რაღაც ჩაკეტილ სივრცეშია და არ მიეწოდება ინფორმაცია, ეს შთაბეჭდილება მრჩება. მან უნდა იცოდეს, რომ საქართველო დღეს ყველაზე აქტუალურია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, მათ შორის სატრანსპორტო შესაძლებლობებით, ევროკავშირისგან რამდენიმე მილიარდად შეფასებული ელექტროსადენი იდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ევროკომისიამ სამი დღის წინ ჩვენი რეფორმები შეაფასა და ერთ- ერთი მოწინავე ვართ. მე მგონია, რომ მას არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე და რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ, არ გამოდის ასე. თუ მხოლოდ ერთ არხს უყურებს, გასაგებია. ვურჩევდი ევროკომისიის წარმომადგენლებს გაესაუბროს, ვინც ეს ანგარიში გამოაქვეყნა, ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს გაესაუბროს, ვინც მოგვილოცა, რომ საქართველო ჰაბი ხდება და ელექტროსადენი იდება. ანაკლიის საუკუნის პროექტზე ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. ამ საკითხებზე უნდა იყოს აქცენტირება და რატომ არის ნიჰილიზმში? თუ ნიჰილიზმშია, არ სჯერა ამ ქვეყნის, წარმატებები ვუსურვოთ, ადგეს და გავიდეს მაშინ. დავიღალეო თქვას და გავიდეს, თუ არ შეუძლია ქვეყანას გაუძღვეს ევროპული მომავლისკენ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ვინც ამ ფერხულში არ მოგვყვება და საქართველოზე ასეთ რამეს იტყვის, არ არის მისი ადგილი ჩემი აზრით პოლიტიკაში, ან ოპოზიციაში გადავიდეს,"- განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ხოლო ქვეყნის ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი დისკრედიტაცია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

"გაჩნდა ჩვენ შესახებ - ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სრულიად შეურაცხმყოფელი კითხვა და ეჭვები - ,,ნუთუ საქართველო მიჰყვება თავის გაცხადებულ ორიენტაციას თუ უბრუნდება რუსეთის ორბიტას",- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...