Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერს უკრაინელი პილოტის ჩაფხუტი გადასცა წარწერით: “ჩვენ თავისუფლება გვაქვს, მოგვეცით ფრთები, რომ იგი დავიცვათ” და საავიაციო კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის საავიაციო კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ავიაცია ეამაყება და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერს ლინდსი ჰოილს უკრაინელი პილოტის ჩაფხუტი გადასცა წარწერით: “ჩვენ თავისუფლება გვაქვს, მოგვეცით ფრთები, რომ იგი დავიცვათ”.

“მე მჯერა, რომ ეს სიმბოლო დაგვეხმარება ჩვენი შემდგომი - საავიაციო - კოალიციის ფორმირებაში. მოგმართავთ თქვენ და მთელ მსოფლიოს მარტივი და ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვებით: საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინისთვის! ფრთები თავისუფლებისთვის!” - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მეფესთან კარლ III-სთან შეხვედრისას იგი აპირებს მისთვის უკრაინელებისგან მადლობის გადახდას დახმარებისთვის, რომელიც მან ჯერ კიდევ უელსის პრინცად ყოფნის დროს გაუწია უკრაინას.

“ასევე ვაპირებ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცის თქმას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის მომავლისთვის. დიდ ბრიტანეთში მეფე სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტია. ხოლო უკრაინაში ახლა თითოეული პილოტი მეფეა. რადგან ასე ცოტანი არიან, ასე ძვირფასები არიან. ყველაფერს შესაძლებელს და შეუძლებელს ვაკეთებთ, რათა მსოფლიომ თანამედროვე თვითმფრინავები გადმოგვცეს შესაძლებლობების გასაფართოებლად და პილოტების დასაცავად, რომლებიც ჩვენ დაგვიცავენ”, - თქვა ზელენსკიმ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...