Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - როცა ჟურნალისტებს ქცევის რაღაც სტანდარტს ვთხოვთ, ამის მორალური უფლება ჯერ ჩვენ უნდა გვქონდეს


როცა ჟურნალისტებს ქცევის რაღაც სტანდარტს ვთხოვთ, ჯერ ჩვენ უნდა გვქონდეს ამის მორალური უფლება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიში წარადგინა.

როგორც ბუჩუკური განმარტავს, როცა პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დაწესებულ ახალ ნორმებს ევროპას ადარებენ, „ჯერ პოლიტიკოსები უნდა აკმაყოფილებდნენ ევროპულ სტანდარტებს“.

„მედიასთან დაკავშირებით, ბატონი თავმჯდომარის პასუხი კი მოვისმინეთ, მაგრამ რეალურად, ჩემი კითხვა სხვა რამეში მდგომარეობდა. მესმის, რომ ამაზე მისი მხრიდან პასუხის გაცემა რთულია, ამიტომ კომენტარით შემოვიფარგლები.

გასაგებია, რომ დეპუტატებს, ორივე მხარეს, მხოლოდ „ოცნებას“ არ ეხება ეს, შეიძლება დისკომფორტი ექმნებათ, რომ მათთვის არასასიამოვნო კითხვებზე პასუხის გაცემა უწევთ, ან არ აქვთ პასუხები და ამიტომ, ესეც არ სიამოვნებთ, მაგრამ მგონი, ჩვენს დისკომფორტზე მეტად სხვა რამ არის აქ მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი რეკომენდაცია მედია გარემოს გაუმჯობესებას ეხება, ეს კონტექსტიც არ უნდა დაგვავიწყდეს არავის და ცოტა ხანი ჩვენი დისკომფორტი დავივიწყოთ. კითხვა მქონდა ბუნებრივია, რიტორიკული და პასუხიც ვერ მივიღე, როგორც მოლოდინი მქონდა. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც საპარლამენტო ფარგლებში მედიასაქმიანობა რეგულირდება, არ ხდება ის, რომ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის გარდა, ხელისუფლება არ დადიოდეს სხვაგან, არ ხდება ის, რომ არსად ოპოზიციას დებატებში არ უსხდებოდნენ, არსად ხდება, რომ ხელისუფლება წინასწარ განსაზღვრულ კითხვებზე პასუხებით გადიოდეს ფონს საკუთარი კონტროლის ქვეშ მყოფი მედიის ფარგლებში. ეს არის აქ პრობლემა, ამიტომ როცა აქ სხედან ახალგაზრდა ჟურნალისტები და რაღაც ქცევის სტანდარტს ვთხოვთ, ჯერ ჩვენ უნდა გვქონდეს ამის მორალური უფლება, რომ ამ ადამიანებს ქცევის სტანდარტი მოვთხოვოთ, მითუმეტეს, როცა ხელისუფლებაზეა საუბარი. ხელისუფლების ქცევის სტანდარტი არაერთხელ ვნახეთ და აღარ ჩამოვთვლი. როცა ევროპასთან ხდება შედარება, ჯერ ჩვენ უნდა ვაკმაყოფილებდეთ ევროპულ სტანდარტებს“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის ქცევის ნორმების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს წესები „იმდენად ლოგიკური, ადამიანურად გასაგები, ყველა სტანდარტით საუკეთესოა, უკვირს კიდეც, რაღაც კითხვები რომ შეიძლება იყოს“.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...