აფხაზი ახალგაზრდები ბელორუსის უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან
მიმდინარე წლიდან აფხაზ აბიტურიენტებს მისაღები გამოცდების ჩაბარება ბელორუსის წამყვან უნივერსიტეტებშიც შეეძლებათ.
ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ აუწყა.
მისი თქმით, ბელორუსულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და იქაურ უმაღლეს სასწავლებლებთან კონტაქტებიც მყარდება.
არძინბამ ისიც აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ადგილებზე აბიტურიენტებისთვის უფრო მაღალი კრიტერიუმები იქნება დაწესებული, ვიდრე ადრე, რადგან ისინი პარტნიორი სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობას იღებენ.
,,ჩვენ არ გვაქვს უფლება, ოჯახური და მეგობრული კავშირებით გადავწყვიტოთ ეს საკითხი. ვალდებულები ვართ, სახელმწიფოს მხრიდან მიზანშეწონილობის მკაფიო პარამეტრებით ვიხელმძღვანელოთ,“ - განაცხადა ინალ არძინბამ.
მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ განსაკუთრებული აქცენტი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საინჟინრო სპეციალობების მიმართულებაზე გაკეთდება.
აფხაზი აბიტურიენტებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება აქამდე, რუსეთის ფედერაციის სხვადსხვა სასწავლო დაწესებულებაში იყო შესაძლებელი. ამისთვის ყოველწლიურად სპეციალური ლიმიტები გამოიყოფა, 2023 წლიდან კი ისინი ბელორუსის უმაღლესებშიც ჩააბარებენ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.