Jump to content
Planeta.Ge

შალვა კერესელიძე ხელისუფლებას - საქმე იქამდე არ მიიყვანოთ, რომ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომების მონანიების უფლებაც ვერ მიიღოთ


სამწუხაროდ ქართული პოლიტიკა უკვე შოუს და სანახაობას დაემსგავსა რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება იმყოფება ღრმა სახელისუფლებო კრიზისში და იმის მაგივრად, რომ ფიქრობდეს ხალხზე და გააჩნდეს პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი ნაცმოძრაობასის ხელშეწყობით და დახმარებით ყურადღება გადააქვს ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე რაც საზოგადოებას არ აინტერესებს, - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი  შალვა კერესელიძე. 

მისი თქმით, 
ძალაუფლების დაკარგვის შიშის სინდრომით შეპყრობილმა ხელისუფლებამ უკვე ისეთი შეცდომების დაშვება დაიწყო, რომელიც აზიანებს ქვეყნის მომავალს და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ეროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, რუსეთის რეკომენდაციების შეასრულებაც კი დაიწყო.

 
"ასეთმა მიდგომებმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და სახელისუფლო კრიზისის წინაშე დააყენა. . კერძოდ:
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში წაგების შიშებიდან გამომდინარე, უარი თქვით საარჩევნო სისტემაში ბევრ მნიშვნელოვან, დემოკრატიულ და სამართლიან ცვლილებებზე მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხზეც და პირდაპირ თქვენი ქმედებები ღიად ცხადყოფს, რომ საარჩევნო სისტემა გაქვთ მითვისებული და თქვენს საკუთრებად მიგაჩნიათ.
არც სახალხო დამცველის თანამდებობაზე არ გსურთ შეირჩეს პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე განაცხადეთ თითქოსდა მართველი პარტია საკუთარი კანდიდატის წარდგენას არ აპირებდით, პროცესი მოჩვენებითად გინდოდათ გამჭვირვალე ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ პროცესი ხელოვნურად ჩიხში შეიყვანეთ და შემდეგ მთლიანად ჩააგდეთ.
ელიტური კორუფცია, სისტემური კორუფცია, ორგანიზებული კორუფცია, ქაოტური კორუფცია, ნეპოტიზმი, კრონიზმი ამ სისტემის უკვე განუყოფელ ნაწილად იქცა და სახელმწიფოს თითქმის ყველა ინსტიტუციაში მეტასტაზებივით არის მოდებული და არაფრისმომცემ, უფუნქციო ანტიკორუფციული ბიუროს შექმნით გსურთ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროთ.
აღარაფერს ვამბობთ სასამართლო სისტემაზე, სადაც მთელი ინსტიტუცია ჩაადუღაბეთ და ევროკავშირის რეკომენდაციების მიუხედავად დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის სანაცვლად სისტემა მთლიანად მიითვისეთ და კლანურ მართველობად აქციეთ.
დეოლიგარქიზაციის პრობლემაში რა იგულისხმებოდა მანამდე ვერ მიხვდით, სანამ ჩვენმა პარტნიორებმა არ დაგვიმარცვლეს და სიტყვა-სიტყვით პირდაპირ არ განგვიმარტეს თუ რას გულისხმობდნენ საქართველოში დეოლიგარქიზაციის ძირითად პრობლემად და არაფორმალური მართველობის გამართლების სანაცვლოდ აშშ-ის კლანურ მართველობაზე მითებიც კი შექმენით.
საქართველოს ხელისუფლებას გაჩაღებული გაქვს ანტიდასავლური კამპანია, უპირისპირდებით ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს, პირდაპირ პიროვნულ შეურაწყოფას აყენებთ დიპკორპუსის წარმომადგენლებს და ღიად უპირისპირდებით ეროვნულ ინტერესებს. ვითომდა ევროპა გინდათ, მაგრამ სტატუსის მისაღებად რეკომენდაციების შესრულება არ გინდათ. ევროპა გინდათ მხოლოდ საკუთარი ფუფუნებისთვის, გასართობად, და საქართველოში კორუფციული გზით ნაშოვნი ფულის დასახარჯად. აქ კიდევ ხალხი უნდა იქცეს თქვენს პირად მსახურებად და უნდა იცხოვრონ ისე, რომ თქვენს კორუფციულ და კლანურ ინტერესებს საფრთხე არ შეექმნას და ვისაც ეს არ უნდა ის ქვეყნიდან უნდა წავიდეს.
საქართველოს ხელისუფლებამ, ასეთი შესაშური გამბედაობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთისთვის სასარგებლო პოზიციონირებისთვის და საშინაო დავალებების კარგად შესრულებისთვის, რუსეთის ხელისუფლების ქებათა-ქებაც კი დაიმსახურა რაც ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს საქართველოს ინტერესებისა და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატს!
და ბოლოს ტყუილად ოცნებობთ, რომ ხართ შეუცვლელნი და მარადიულები. ასე ეგონა თქვენს წინამორბედ ხელისუფლებას. მარადიული და შეუცვლელი ხელისუფალი არ არსებობს და საქმე იქამდე არ მიიყვანოთ, რომ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომების მონანიების უფლებაც ვერ მიიღოთ", - განაცხადა შალვა კერესელიძემ. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...