რა მოხდება, თუ ჟურნალისტი პარლამენტში ქცევის წესს დაარღვევს | ახალი ბრძანება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა.
ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე, დეტალურად განსაზღვრავს აკრედიტაციის სახეებს, აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობას, აკრედიტებული ჟურნალისტების უფლებებსა და ვალდებულებებს.
აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია:
- ხელი არ შეუშალოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას;
- საქართველოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს მისი სამუშაო ოთახი;
- საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ;
- საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტი, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს;
- არ დაუშვას მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება;
- დაემორჩილოს დაცვის თანამშრომლისა და აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის კანონიერ მითითებებს;
- სააკრედიტაციო მოწმობა არ გადასცეს სხვა პირს;
- სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილზე.
აკრედიტებული ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერება
ბრძანების მიხედვით, თუ ჟურნალისტი ზემოთ ჩამოთვლილ წესებს დაარღვევს, მას აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეუჩერდეს აკრედიტაცია 1 თვით. დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდება 6 თვით.
დაუშვებელია, ჟურნალისტი, რომელსაც ამ პერიოდში აკრედიტაცია შეჩერებული აქვს, სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლდეს.
შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა: საპარლამენტო ჟურნალისტის, რომელსაც ერთი წლის ვადა ექნება და სპეციალური (ერთჯერადი) აკრედიტაცია.
პარლამენტის აკრედიტაცია გაიცემა შემდეგი რაოდენობით: გაზეთი და ჟურნალი – 2; რადიო – 2; ონლაინ გამოცემა – 4; საზოგადოებრივი მაუწყებელი – 7 გადამღები ჯგუფი, საეთერო ეროვნული ტელემაუწყებელი – 7 გადამღები ჯგუფი; სხვა ტელემაუწყებელი – 3 გადამღები ჯგუფი.
შალვა პაპუაშვილის ბრძანებას სრულად გაეცანით ბმულზე.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.