Jump to content
Planeta.Ge

სანქციები მუშაობს - რა ბედი ეწევა რუბლს რუსულ ნავთობპროდუქტებზე ემბარგოს შემდეგ


რუსეთის ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე 5 თებერვლიდან ამოქმედებული ემბარგოს შედეგად რუსეთი წლიური თვალსაზრისით ექსპორტიდან, დაახლოებით, 8 მლრდ დოლარის შემოსავალს დაკარგავს, ხოლო მარტში დოლარზე ეროვნული ვალუტის კურსის 71,5 რუბლამდე გაუფასურება არის მოსალოდნელი. ამის შესახებ Bloomberg Economics-ის ექსპერტების მონაცემებში არის ნათქვამი.

მათი ცნობით, ემბარგოს წინა დღეს ნავთობპროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მაღალი რჩებოდა და დღეში, დაახლოებით, 0,6 მილიონ ბარელს შეადგენდა. ამდენად, კონსერვატიული სცენარით, ახალი ბაზრების პოვნა ამ მოცულობის ნახევრისთვის თუ მოხერხდება. ექსპორტიორები მთელ მოცულობას ახალ ბაზრებზე ვერ გაიტანენ, რადგან, ანალიტიკოსების შეფასებით, ინდოეთი და ჩინეთი რუსული ნედლი ნავთობის მსხვილი გადამამუშავებლები თავად არიან, რასაც ევროპაში ყიდიან და მარჟას თვითონ იტოვებენ. ამდენად, რუსეთს პარტნიორების დასაინტერესებლად ნავთობპროდუქტებზე დიდი ფასდაკლება მოუწევს.

რუსული Forbes წერს, რომ აქამდე ნავთობპროდუქტები საზღვარგარეთ, თითქმის, ფასდაკლების გარეშე იყიდებოდა, ხოლო 5 თებერვლის შემდეგ რუბლის მხარდამჭერი მთავარი ფაქტორი, ანუ ექსპორტი ნულამდე დაიკლებს, როგორც ნომინალურ, ასევე, ფიზიკურ მოცულობაში. ეს ნიშნავს, რომ სავაჭრო პროფიციტის შთამბეჭდავი რაოდენობა გაქრება, კაპიტალის გადინება კი არსად მოხდება და გაცვლითი კურსის ზემოქმედება გაძლიერდება. შედეგად, გაცვლითი კურსის მერყეობა შესაძლოა, დაღმავალი ტენდენციით გაიზარდოს და საბაზრო სცენარით, წლის განმავლობაში კურსი დოლარზე 80 რუბლამდე დაეცეს.

 

ამასთან, პირველ კვარტალში ნავთობისა და გაზის დაბალი საექსპორტო ფასების ფონზე კურსი შესაძლოა, დოლარზე 72-74 რუბლამდე დაეცეს. მართალია, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო ნავთობპროდუქტების ექსპორტის 15%-იან კლებას პროგნოზირებს, თუმცა ექსპერტების შეფასებით, ეს მაჩვენებელი მიწოდების გადამისამართების სირთულეების გამო, შესაძლოა, გაიზარდოს.

2022 წლის ბოლო ოთხ კვირაში, ანუ 5 დეკემბრიდან ევროკავშირის მიერ ნედლ ნავთობზე 60-დოლარიანი ზღვრული ფასის დაწესების შემდეგ რუსული ნავთობის ექსპორტი წლის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. შეზღუდვების ფონზე რუსული Urals-ის ნავთობის საშუალო ფასი დეკემბერში ბარელზე 50,47 დოლარამდე შემცირდა, მაშინ, როცა ნოემბერში ის 66,47 დოლარად ივაჭრებოდა. ამ ფონზე რუბლი პოზიციებს კარგავდა. კერძოდ, დეკემბერში დოლარი, დაახლოებით, 10 რუბლით გამყარდა და 70 რუბლამდე შეადგინა. მაშინ რუსეთის ცენტრალური ბანკი რუბლის დაცემის მთავარ მიზეზად უმსხვილესი ექსპორტიორების მიერ სავალუტო შემოსავლების გაყიდვების შემცირებას ასახელებდა. ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსეი ზაბოტკინი რუბლის დაცემას საგარეო პირობების გაუარესებასა და ნავთობზე ფასების კლებას უკავშირებდა.

5 თებერვლიდან რუსული ნავთობპროდუქტების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა. კერძოდ, ევროკავშირისა და G7-ის ქვეყნების (აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის) მიერ დაწესდა ფასების ზღვარი, ასევე, აიკრძალა მათი საზღვაო მიწოდება ევროკავშირში. ამასთან, 5 დეკემბრიდან მსგავსი ზომები რუსულ ნედლ ნავთობზეც მოქმედებს. ფასის ზღვარი ბარელ ნედლ ნავთობზე 60 დოლარს შეადგენს, ხოლო ნავთობპროდუქტებზე ორ კატეგორიად იყოფა: პრემიუმ პროდუქტებზე, ანუ დიზელის საწვავზე, გაზოილზე და სხვა ძვირადღირებულ ნავთობპროდუქტებზე მესამე ქვეყნებში გასაყიდ ზღვრულ ფასად ბარელზე 100 დოლარი, ხოლო ნედლი ნავთობის იაფი პროდუქტებისთვის, კერძოდ, მაზუთზე და ნაფტას ზოგიერთ სახეობაზე ბარელის ზღვრულ ფასად 45 დოლარი განისაზღვრა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...