ქართული ალკოჰოლის ექსპორტის 61,2% რუსეთზე მოდის - რომელ კომპანიებს გააქვთ რუსეთში სასმელი
საქართველოდან რუსეთში ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 26%-ით გაიზარდა. თუ 2021 წელს ქვეყნიდან ჩრდილოეთში 171.995 მლნ დოლარის სასმელი გავიდა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 217.402 მლნ დოლარამდე გაიზარდა. აღნიშნულ მაჩვენებელში დიდი წილი ცხადია, ნატურალურ ღვინოებზე მოდის, კერძოდ, შარშან რუსეთში 160.816 მლნ დოლარის (73 114 ტონა) ღვინო გავიტანეთ, 56.586 მლნ დოლარის (12 231 ტონა) კი სხვა სპირტიანი სასმელები.
მთლიანად კი 2022 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა 251.593 მლნ დოლარი (106 584 ტონა), სპირტიანი სასმელების კი 103.588 მლნ დოლარი (27 250 ტონა) შეადგინა. შესაბამისად, გამოდის, რომ ქართული ღვინის 64% და სპირტიანი სასმელების 54,6% რუსეთზე მოდის. საერთო ჯამში, რუსეთში ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების 61,2% გადის.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც რუსეთში 2022 წელს ღვინის ექსპორტი ყველაზე დიდი მოცულობით განახორციელეს: (საქსტატის მიერ მოწოდებული სიაზე და სამეწარმეო რეესტრსა და reportal-ზე დაყრდნობით, გთავაზობთ ტოპ-10 კომპანიის შესახებ ინფორმაციას)
სს ბადაგონი - reportal-ის 2021 წლის ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის ერთადერთი აქციონერია გიორგი სალაყაია. გენერალური დირექტორია - მარინა გიორგაძე.
შპს "წინანდლის ძველი მარანი" – კომპანიის 100%-ან წილს ფლობს ნანი მენაბდიშვილი, დირექტორია - შალვა ახობაძე.
შპს Bolero & Company – მფლობელია რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი, გენერალური დირექტორი - ირაკლი ბექაური, დირექტორი - დავით ბოჭორიშვილი.
შპს GVMT Group –კომპანია ეკუთვნის ზემოთ ხსენებულ, რუსეთ-საქართველოს ორმაგ მოქალაქეს ვახტანგ კარიჭაშვილს, დირექტორია ლერი რაზმაძე.
შპს ასკანელი ძმები - 55%-ის მფლობელია რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე გოჩა ჩხაიძე, 45% ეკუთვნის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ასკანელი ვაინერი & დისტილერი“. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის მფლობელიც გოჩა ჩხაიძეა. დირექტორია ირაკლი უგლავა.
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - „დუგლაძეების“ 25.66% ეკუთვნის ალექსანდრე ივანიშვილს, 25.68% ზაალ დუგლაძეს (წილს მართავს დავით დუგლაძე), 23% - მალხაზ ყანჩაველს, 25.66% - დავით დუგლაძეს. დირექტორია დავით დუგლაძე.
შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა - კომპანიის 100% ეკუთვნის ზურაბ ჩხაიძეს. დირექტორიც თავად არის. სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა - კომპანიის მართავს სამეთვალყურეო საბჭო, საერთო კრება და დირექტორთა საბჭო. დირექტორია გოჩა გიოშვილი.
შპს ქართული ღვინის სახლი - კომპანიის 45% ეკუთვნის რუსეთ-საქართველოს ორმაგ მოქალაქეს - დმიტრი ალექსანდროვს, 12.5%-იანი წილები: თათია კიკაბიძეს, ნინო კიკაბიძეს, ზაზა კიკაბიძეს და ვასილ დვალს, ხოლო 5% - რუსეთ-საქართველოს ორმაგ მოქალაქეს სერგეი სუმაროკოვს. ეს უკანასკნელია კომპანიის დირექტორიც.
შპს ყვარლის სარდაფი - კომპანიის 55% ეკუთვნის ნინო ბარათაშვილს, 45% - ონისე ღვალაძეს. დირექტორია - ონისე ღვალაძე.
იხილეთ ასევე: საქართველო აფხაზეთის ჩათვლით რუსეთში ღვინის იმპორტიორებს შორის მეორე ადგილზეა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.