Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა


საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის აპარატი ავრცელებს.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა: საპარლამენტო ჟურნალისტის, რომელსაც ერთი წლის ვადა ექნება და სპეციალური (ერთჯერადი) აკრედიტაცია.

ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე, დეტალურად განსაზღვრავს აკრედიტაციის სახეებს, აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობას, აკრედიტებული ჟურნალისტების უფლებებსა და ვალდებულებებს. 2023 წელს საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის მიღების მიზნით, ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტაცია, მედიასაშუალებებს შეუძლიათ წარმოადგინონ მიმდინარე წლის 7 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით – პარლამენტის სასახლეში (მის: რუსთაველის N8) ან ელექტრონულ ფოსტაზე – contact@parliament.ge.

სააკრედიტაციო განაცხადს უნდა ერთვოდეს, ჟურნალისტების სია (ჟურნალისტის სახელი და გვარი, მისი პირადი ნომერი, დაკავებული თანამდებობა, სამსახურებრივი და მობილური ტელეფონების ნომრები). ჟურნალისტის პირადობის/ბინადრობის მოწმობის ასლი; ჟურნალისტის ფოტოსურათის (ზომა − 3X4) ელექტრონული ვარიანტი; ბეჭდვითი ორგანოს შემთხვევაში – მის მიერ სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში დაბეჭდილ გამოცემათა ეგზემპლარები; მაუწყებლის შემთხვევაში – მასზე შესაბამისი ავტორიზაციის/ლიცენზიის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. პარლამენტის აკრედიტაცია გაიცემა შემდეგი რაოდენობით: გაზეთი და ჟურნალი – ორი; რადიო – ორი; ონლაინ გამოცემა – ოთხი; საზოგადოებრივი მაუწყებელი – შვიდი გადამღები ჯგუფი (თითო გადამღებ ჯგუფში ჟურნალისტი, ოპერატორი, ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო პერსონალი), საეთერო ეროვნული ტელემაუწყებელი – შვიდი გადამღები ჯგუფი; სხვა ტელემაუწყებელი – სამი გადამღები ჯგუფი 2023 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის ვადა პირველი მარტიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრება.

ერთჯერადი აკრედიტაციის მიღებისთვის საჭიროა განცხადებაში აღნიშნული იყოს ჟურნალისტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი და საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსვლის სასურველი თარიღი. სპეციალური აკრედიტაციის მიღების შესახებ განცხადებას მედიასაშუალება ან ჟურნალისტი წარადგენს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: media@parliament.ge“, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესის მოკლე აღწერა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...