Jump to content
Planeta.Ge

თურქეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, საქართველოს 10-მდე მოქალაქიდან, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაკარგულად მიიჩნეოდნენ, უმრავლესობა უკვე იპოვეს, ისინი კონტაქტზე გამოვიდნენ


თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ მიწისძვრის შედეგად დაკარგული საქართველოს 10-მდე მოქალაქიდან უმრავლესობა უკვე იპოვეს და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. ამის შესახებ გიორგი ჯანჯღავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, ცხელი ხაზი გამართულად მუშაობს.

„ამ დროისთვის მხოლოდ საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალება ფიქსირდება. დაკარგული 10-მდე მოქალაქიდან ნახევარზე მეტი უვკე ვიპოვეთ, გამოვიდნენ კონტაქტზე. ვაგრძელებთ ძიებას. ცხელი ხაზი წარმატებით მუშაობს. სწორედ ცხელი ხაზის საშუალებით დაგვიკავშირდნენ და შეგვატყობინეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. ჩვენ მივმართავთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, მაქსიმალურად შეგვეხმიანონ ცხელი ხაზის მეშვეობით, რომლებმაც იციან, რომ მათი ახლობელი, ნათესავი თურქეთში მუშაობს ან სხვა მიზეზით იმყოფება.

ქვეყანაში ინტერნეტი შეზღუდულად არის, მაგრამ ყველა ანძა არ არის დაზიანებული და მაინც არის შესაძლებლობა, გარკვეულწილად მოაღწიოს ჩვენამდე ამა თუ იმ ინფორმაციამ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ღირებულია რომელიმე ქალაქსა და რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია, რათა მომდევნო საათებში, დღეებში დავიწყოთ მათი მოძიება. დაწყებული გვაქვს, მაგრამ უფრო კონკრეტულად რომ ვიცოდეთ, სად და როგორ ვეძებოთ“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ. 

 

მისივე თქმით, საელჩო ყველანაირად ცდილობს, დაადგინოს თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ადგილმდებარეობა.

„როგორც მოგეხსენებათ, თურქეთში რამდენიმე ათეული ათასი საქართველოს მოქალაქეა. ძირითადად ცხოვრობენ სტამბოლი, იზმირი, შავი ზღვისპირეთი, ანკარა და ასე შემდეგ. ჩვენ საკონსულო აღრიცხვაზე გვყავს უკვე რამდენიმე ადამიანი, მათ ვუკავშირდებით. იყო მცდელობები, დავკავშირებოდით ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობენ, მათ შორის არიან სპორტსმენებიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავადგინოთ, ესა თუ ის მოქალაქე ამ საღამოსთვის სად იმყოფებოდა, რომ გაგვიადვილდეს მოძიება“, – აღნიშნა გიორგი ჯანჯღავამ.

თურქეთში საქართველოს ელჩის თქმით, ძალიან კარგია, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოდან თურქეთში მაშველების გამგზავრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მყისიერად მიიღო.

„თურქეთში განგაშია გამოცხადებული. ითხოვენ მსოფლიოს დახმარებას. ძალიან კარგია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის 65-კაციანი ჯგუფი უკვე გზაშია, სპეციალური ეკიპირებით, ძაღლებით და ასე შემდეგ. სწორედ ასეთი ჯგუფები ესაჭიროება თურქეთს, ვინაიდან ზამთარია და ძალიან რთულია საძიებო ოპერაციების ჩატარება. სამაშველო ოპერაციებისთვის ჩვენნაირი ჯგუფების დახმარება ძალიან წაადგება თურქეთს“, – აღნიშნა ელჩმა.

ჯანჯღავას თქმით, თურქეთში მართვადი ქაოსია, მაგრამ თურქები ყველანაირად ცდილობენ, პროცესი გამართულად წარმართონ. ამასთან, აღნიშნა, რომ თურქეთი სპეცრეჟიმზეა გადასული.

კითხვაზე, თუ ვრცელდება ინფორმაცია ჰუმანიტარული მიმართულებით რაიმე განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ, ჯანჯღავამ განაცხადა:

„ჯერჯერობით არ დაანონსებულა. თურქეთი ძალიან ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ როგორც კი დაანონსდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ზომით დაეხმაროს თურქეთს, როგორც თურქეთი ეხმარებოდა ხოლმე ყოველთვის ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

 


 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...