გურული ქალბატონი, რომელმაც თბილისური კარიერა სოფელში ცხოვრებაზე გაცვალა
ჩვენს დროში სოფლიდან ქალაქში წასული ბევრი მინახავს, ქალაქიდან სოფელში დაბრუნებული - ცოტა. “შინის” გურული მასპინძელი, დარეჯან ბერძენიშვილი ის ახალგაზრდა ქალბატონია, რომელმაც თბილისურ კარიერაზე თავისი ნებით თქვა უარი და მშობლიურ გურიას - არაჩვეულებრივ ხიდისთავს დაუბრუნდა. დაკას (ასე ეძახიან დარეჯანს შინაურულად) სახლში ყველაფერი მისებურია, მისი დიზაინით და დახვეწილი გემოვნებით მოწყობილი. შემოქმედი ადამიანის ხედვა სახლის თითოეულ კუთხე-კუნჭულში იგრძნობა. ლამაზად მოვლილი ეზოც თვალში მოგხვდებათ. ახლა სწორედ აქ მასპინძლობს ნაცნობ-მეგობრებს - კეცებზე გამომცხვარი უგემრიელესი ხაჭაპურებით, სახლში დამზადებული ღვინო-არყით და რაც მთავარია, თავისი ახალი და წარმატებული
საქმიანობის შედეგით - ახლებური და მისებური მეთოდით დაჩირებული ნატურალური, სუფთა, სანდო ჩირით. მისი საქმიანობა “აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებშია წამოწყებული და მისმა ჩირებმა უკვე სახელიც გაითქვა, ბაზარზეც შეძლო თავის დამკვიდრება. ყველაფერი კი ასე დაიწყო...
- მე ჩოხატაურიდან ვარ, ხიდისთავში ჩემი მეუღლე ცხოვრობს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რაიონში წამოვედი და ჩემი პროფესიით, ქიმიკოსად დავიწყე მუშაობა. 90-იანი წლებში ყველანაირი წარმოება გაჩერდა, ჩემი სამსახურიც დაიხურა. ჩემმა მეგობრებმა გაზეთის გაკეთება წამოიწყეს, უფრო სწორად, გააგრძელეს. ჩოხატაურში სარედაქციო ოაზისი შეიკრა. რედაქციაში გვქონდა კომპიუტერი, რაც მაშინ ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. გენერატორის წყალობით დენიც მუდმივად მოგვეწოდებოდა. მე ვაკაბადონებდი. რამდენიმე წლის შემდეგ თბილისში წამოვედი, აქ ჯერ დიდ მედიაჰოლდინგში ვმუშაობდი, მერე ახალ პროფესიას დავეუფლე, ბუღალტრობა ვისწავლე. დღემდე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ ფინანსურ მენეჯერად, საბუღალტრო აღრიცხვას ახლა დისტანციურად ვახერხებ. სადაც ინტერნეტი მაქვს, ყველგან სამსახურში ვარ.
იმის მიუხედავად, რომ თბილისში ვმუშაობდი და საკმაოდ კარგი შემოსავალიც მქონდა, სახლში დაბრუნების ნოსტალგია დიდი იყო. თბილისში შინ ყოფნის განცდა არ მქონდა, სახლში მხოლოდ აქ ვგრძნობ თავს. მით უმეტეს, ეს გარემო მე და ჩემმა მეუღლემ შევქმენით ჩვენი გემოვნებით, ნელ-ნელა, წლების განმავლობაში და ახლა ის ჩვენია, ჩვენს სამყაროს მოიცავს, რომელიც ჩვენი მეგობრებისა და ახლობლების საყვარელი ადგილიც გახდა.
- და აქვე დაიწყეთ საქმიანობა, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა...
- სულ მინდოდა, რაღაც ისეთი საქმე წამომეწყო, რომელიც შინ დამაბრუნებდა. ბევრი ფიქრის შემდეგ, ასეთ საქმედ ჩირის წარმოება მივიჩნიე. სოფელში უამრავი ხილი ლპება, იყრება, არავინ იბარებს. თანაც გურიაში ხილს არ ვწამლავთ, ანუ დიდი რესურსია ჩირის წარმოებისთვის. დავიწყე ინფორმაციის შეგროვება ამ თემაზე, წარმოვიდგენდი, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი შინაური საამქრო და პროდუქცია. ბიზნესგეგმაც დავწერე. შემდეგ მთავრობამ დაიწყო პროექტი „აწარმოე საქართველოში“, რომელმაც მომცა საშუალება, ჩემი ოცნება რეალობად მექცია. იმდენად ბევრი ნამუშევარი მქონდა ამ თემაზე, დარწმუნებული ვიყავი, რომ დაფინანსდებოდა და მართლაც ასე მოხდა. დაფინანსება 2015 წლის ნოემბერში მივიღე და წარმოუდგენელ ვადაში, 1 თვეში - საახალწლოდ ჩემი პროდუქცია უკვე გაყიდვაში იყო. ეს ჩემი, ჩემი ოჯახის წევრების და უამრავი მეგობრის თანადგომის შედეგია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ჩემი საქმე და გვერდით მყავს ბევრი ადამიანი, რომელთაც უხარიათ ჩემი საქმიანობა და უხარიათ ის, რომ სოფლად ერთი კარგი წამოწყების თანამონაწილენი არიან. მხოლოდ ისინი კი არა, სრულიად უცხო ადამიანები მეხმარებიან, მაკვალიანებენ.
- ქალაქური ცხოვრების მიტოვება და სოფელში დამკვიდრება, არც ისე მარტივია, თუნდაც ყოფითი პრობლემების გათვალისწინებით. არ გაგიჭირდათ?
- მართალი გითხრათ, სოფელში ცხოვრება არ მიჭირს, მე აქაური ვარ და აქ რომ ვარ, სახლში ვარ. სახლში ყველა პირობაა კომფორტულად ცხოვრებისთვის. მთელი დღე ვშრომობ. ვდგები დილის 7 საათზე, მაქვს გაწერილი განრიგი - ბოსტნის დაბარვა-დამუშავება: იქ პამიდორი უნდა დავრგო, აქ კიტრი დავთესო, იქით მწვანილების კვლებია და ასე. მეზობლის ქალები იცინიან, ამას ჩვენზე უკეთესი ბოსტანი აქვს, ნახე, როგორ დახაზაო. წინ რომ პატარა ყვავილნარია, ისიც ჩემი ხელით ახლახან მოვაწყვე. იქით ვარდებია და ასე შემდეგ. მაგრამ მარტო ერთი საქმე რომ აკეთო, არ გამოვა - ბოსტანს ან ყვავილნარს ბალახი წაიღებს. ამიტომ, ისე უნდა გაანაწილო დრო, რომ კარგი შედეგი გქონდეს. თან ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მე მინდა. ძალიან შრომატევადია სოფლის საქმე.
ირგვლივ ბევრი დაკეტილი სახლია... მე ჩამოვედი და აქ საქმიანობა დავიწყე, რომელმაც რამდენიმე მეზობელს დამატებითი შემოსავალი და ალბათ, აქ ცხოვრების ცოტა მეტი ინტერესი და სტიმულიც გაუჩინა. ჩემი მეზობელი მამუკაც ხშირად ჩამოდის ბათუმიდან, მან ჩხავერის ჯიშის ვაზი გააშენა. იმედი მაქვს, სხვებიც ნელ-ნელა მოიხედავენ აქეთ, სოფელი ბევრად პრესტიჟული გახდება და მომავალი თაობა მიხვდება, რომ აქ ცხოვრება კარგია, და გაუქრებათ წარმოდგენა, თითქოს სოფელი გაჭირვებისა და უიმედობის ადგილია.
- რა არის პერსპექტივა სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, რა სირთულეები დაინახეთ, მას მერე, რაც უშუალოდ აქ ცხოვრობთ?
- ჩემი მეუღლე რუსთავში მუშაობს, ხშირად მარტო მიწევს ხიდისთავში ყოფნა, ანუ ხშირად ვარ ჩემს თანამშრომელ, მეზობლის ქალებთან ერთად. ამის გამო მეტად გავიგე მათი სატკივარი, მეტად დავინახე მათი პრობლემები.
სოფლის მოსახლეებს, არამარტო ქალებს, ხშირად ვესაუბრებოდი სახელმწიფო პროგრამაზე და როცა დაინახეს, რომ მე ნამდვილად მივიღე სახელმწიფო დაფინანსება, ბევრმა გამოთქვა სურვილი, მეორე ტურში მონაწილეობა მიეღო. მაგრამ მათი ბიზნესიდეების აპლიკაციების შევსება და გაგზავნამ ტექნიკურად მე მომიწია, რადგან ხალხმა არ იცის კომპიუტერთან და ინტერნეტთან მუშაობა. არადა, ამის საშუალება ნამდვილად არის - სოფელში რეესტრის სახლია, ბიბლიოთეკა - ინტერნეტითა და კომპიუტერებით. 90-იან წლებში რედაქციაში ერთადერთი კომპიუტერი გვედგა, გაჭირვებაც მეტი იყო, მაგრამ იმ დროსთან შედარებით, დღეს უფრო დემოტივირებული და შეშინებულია სოფელი, ხალხი დაძაბუნებულია, უმრავლესობას ურჩევნია, იყოს მუშახელი, ვიდრე გაიჩინოს საკუთარი საქმე. ამ ყველაფერს კი განაპირობებს მათი შეზღუდული უნარები თანამედროვე მიღწევების თვალსაზრისით და დაბალი თვითშეფასება, რის გამოც სახელმწიფო პროგრამები მათთვის ხშირად მიუწვდომელია.
- რასაც აქ ვხედავთ, ყველაფერი თავად გააკეთეთ - ეს თქვენი საოცნებო გარემოა? აისრულეთ, რაც ჩაფიქრებული გქონდათ თუ კიდევ აპირებთ იდეების სრულყოფას?
- სახლის დიზაინი და ინტერიერი ჩემი გემოვნებით არის მოწყობილი, თუმცა უამრავი ჩანაფიქრი ჯერ კიდევ განსახორციელებელია. თავიდან სახლის რეკონსტრუქცია რომ დავგეგმე, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად მიყურებდნენ ოჯახის წევრები, მაგრამ მაინც მხარი ამიბეს. ბევრი რამ საკუთარი ხელით გავაკეთეთ და მივიღეთ ის, რაც არის. ჩვენ მოგვწონს და ძალიან მიხარია, რომ ამას სხვებიც აღნიშნავენ ხოლმე.
სახლში ბევრი ძველი, მოდიდან გადასული, გამოუსადეგარი ნივთი იყო, მაგალითად, თითბრის აბაჟური, რკინის საწოლები, ჩემი დედამთილის ნაქარგები და ა.შ. ყველაფერს ახალი სახე მივეცით და ახლა ამ სახლის სავიზიტო ნივთებია. მეხერხება ხელსაქმე, ვაკეთებ აბაჟურებს. ეს დიდი აბაჟური ჩემი გაკეთებულია, ფარდები, გადასაფარებლები, ბალიშები, ყველა დეკორი ჩემი შექმნილი თუ შერჩეულია. სურათების უმეტესობა ნაჩუქარია. ეს ნანა გიგოლაშვილის და აკაკი ინანიშვილის ნახატებია.
- სახლის პირველი სართულის კედელი განსაკუთრებით ორიგინალურია - აქ სტუმრად მოსული ადამიანების ხელის ანაბეჭდებით და ნახატებით არის გაფორმებული...
- მინდოდა, პირველი სართული ყოფილიყო ღია სივრცე, შემოქმედებითად თავისუფალი. ვიფიქრე, რომ კედლები არ შემეღება და ყველა მსურველს თავისი ანაბეჭდი, წარწერა თუ ნახატი დაეტოვებინა. შარშან ჩემი მულიშვილების სამეგობრომ ტრადიციულ ოჯახურ ხიდისთავობაზე პირველად მოხატეს ეს კედელი და ასე დაიწყო. მერე ყვავილი და ხელების ხე მარიკომ დახატა და თანდათან „შეიფოთლა“, მერე ჩემი მეგობარი ლოლა ხუბუა იყო ჩამოსული, მან პეპელა დახატა, ეს ორნამენტი - ზურამ და ასე... სამახსოვროდაც რჩება და ლამაზიც არის.
- გამხმარი ყვავილები შევნიშნე, ამას ჩაისთვის ახმობთ?
- მინდა, ჩირის წარმოებას ხილის ჩაის მიმართულებაც დავამატო, რომელშიც გამხმარ ხილის ნაჭრებთან ერთად ყვავილების გამხმარი მინარევებიც იქნება შერეული. უკვე გავახმე იის, აკაციის, ვარდის, ლიმონისა და მანდარინის ყვავილები. ახლა ცაცხვის ყვავილები მინდა და ასე შემდეგ. თან ინფორმაციასაც ვაგროვებ ამ ყვავილების შესახებ, რამდენად სასარგებლოა მათი ნაყენი ორგანიზმისთვის. ჩემი საქმიანობა ზამთარში დავიწყე და მხოლოდ კივისა და მანდარინის გაშრობა მოვასწარი. ხილის სეზონი დაიწყო, მარწყვი და ბალი უკვე გავაშრე, თანდათან მივყვები და ყველა ხილს გავაშრობ. ძირითადად ვამზადებ ხილის ჩირს, დაშაქრულ ხილს და ტყლაპს. ვავლებ ჩურჩხელებსაც. ამ პროდუქტებს სასაქონლო სახეს ვაძლევ მიქსის სახით - კოლოფებსა და კალათებში.
- როგორია მუშაობის პროცესი?
- ორიენტირებული ვარ ადგილობრივ პროდუქტზე, სოფელში ვყიდულობ ხილს. მერე ვრეცხავთ, ვთლით, ვჭრით, ვშაქრავთ და სამი დღე-ღამის განმავლობაში შრება პროექტის თანხით შეძენილ აპარატში, რომლითაც შესაძლებელია ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლი. აპარატი მუშაობს ელექტროენერგიაზე. გაზაფხულდა და პარალელურად, ხილის საშრობად ვაპირებთ მოვაწყოთ მზის ენერგიით საშრობი. ყველა შემთხვევაში დაჩირების პროცესში ხილი დაცულია მწერებისა და მტვრისგან. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ ბაზარზე არსებული მსგავსი პროდუქტი, რომელიც არ არის ცოტა, ხშირად საკმაოდ დაბინძურებულია მწერებისა და მტვრისაგან; საზღვარგარეთიდან შემოტანილი ასაწონი ჩირი კი, მოგეხსენებათ, სახალისო ფერებისაა, მაგრამ ხილის გემოს მოკლებულია და კონსერვანტებით გამდიდრებული; მე ვცდილობ, რომ ჩვენი ჩირი თუ ტყლაპი იყოს მაქსიმალურად სუფთა, სანდო, ნატურალური და გემრიელი...
მას მერე, რაც გაშრება და გამოვიღებთ, ჩირს ნაჭრის ტომრებში ვინახავთ. შემდეგ ვაფასოებთ ყუთებსა და კალათებში. კალათებს ლამაზად შეკერილ ნაჭრის ტომსიკებში ვფუთავთ. ვახდენთ ეტიკეტირებას, შემდეგ მაღაზიებში ვაბარებთ მოთხოვნების შესაბამისად.
- თავადაც ხომ არ აპირებთ, დარგოთ და მოიყვანოთ ის ხილი, რომელსაც მერე საჩირედ გამოიყენებთ?
- დიახ, მიფიქრია ამაზე და დავიწყე განხორციელება. ამ გაზაფხულზე ნაკვეთი დავამუშავეთ და შემოდგომაზე კივს დავრგავთ. გვაქვს რამდენიმე ძირი მანდარინი, ფართობიც გვაქვს, კიდევ დავამატებთ. უკვე დავრგე თხილი, კაკალი, ბალი, ვაშლი, მსხალი და კენკროვნები. რა თქმა უნდა, ეს ხეხილი ჩემი მომავალი საქმიანობისთვის საკმარისი რაოდენობით ნაყოფს ვერ მომცემს, მაგრამ სანიმუშე პროდუქციის დასამზადებლად გამოდგება. ვნახოთ, მიწის შეძენა და მეტი ხილის გაშენებაც შეიძლება.
მომავლის გეგმებში ასევე შედის ჩირის სახლის გაკეთება, რომელიც საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოეწყობა. იქ ერთად იქნება თავმოყრილი ჩირის საამქრო, ოჯახური სასტუმრო და ეგზოტიკური ადგილი სადღესასწაულო/საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის.
ძირითადი საქმიანობა ოჯახური, ნატურალური ჩირის წარმოება იქნება. ოჯახური სასტუმრო გურულების სავიზიტო ბარათი მინდა იყოს მსგავსი სერვისის მოყვარული უცხოელებისთვის, რომლებიც გაეცნობიან, როგორ ცხოვრობს გურული კაცი სოფელში. სტუმარს შეეძლება, ჩვენს მდინარეში ითევზაოს, გამოაცხოს კეცის ხაჭაპური; ასევე იმუშავებს სივრცე სადღესასწაულო თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის, ტრადიციებთან შეხამებული დიზაინით; მინდა, მქონდეს მცირე, მაგრამ გამართული, მოდერნიზებული წარმოება; გემრიელი, ექსკლუზიური პროდუქცია; კარგი მომსახურება - ეს იქნება საშუალება, სამივე კომპონენტმა ერთად შექმნას მომგებიანი, წარმატებული, პრეზენტაბელური ბიზნესი, რომელსაც ექნება როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივი პოტენციალი და მცირე და მიკრობიზნესის კულტურის მაღალი მაჩვენებელი. ვნახოთ, ეს მომავლის გეგმებია...
იხილეთ დარეჯანის საოცარი სახლისა და ეზოს ფოტოები
თეა ცაგურიშვილი
shin.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.