საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასებმა მკვეთრად დაიკლო
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები მცირდება. ამ დროისთვის ბირჟაზე Brent-ის ტიპის საწვავის ფასი ბარელზე 80 დოლარს შეადგენს, ამერიკულ ნედლ ნავთობზე კი 73.5 დოლარს.
აღსანიშნავია, რომ საწვავზე ფასების კლება პარასკევს, 3 თებერვალს დაიწყო. მხოლოდ ერთ დღეში Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა 4.7%-ით დაიწია, 4.9%-ით გაუფასურდა WTI-ის ნედლი ნავთობის ღირებულებაც.
კლების მიზეზი აშშ-ში შრომითი ბაზრის მონაცემების გამოქვეყნებას უკავშირდება. ანგარიში აჩვენებს, რომ შრომით ბაზარზე მოსალოდნელზე უკეთესი მდგომარეობაა და მიმდინარე წლის იანვარში დამატებით 517,000 ადამიანი დასაქმდა, რაც ეკონომისტების გამოთვლებს, 185,000-ს მნიშვნელოვნად აღემატება.
მიუხედავად ტექნოლოგიური კომპანიების მიერ სამუშაო ადგილების შემცირებისა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნისა, ამერიკაში უმუშევრობის დონე ამჟამად 3.4%-ზეა, რაც 1969 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
სტატისტიკიდან ჩანს, რომ ფედერალური რეზერვის აგრესიული მონეტარული პოლიტიკა და საპროცენტო განაკვეთების ზრდა, რაც რეცესიის რისკებს იწვევდა, დაქირავებას არ აფერხებს.
Brent-ისა და WTI-ის ღირებულება იანვრის ბოლოდან დაღმასვლის ტენდენციით ხასიათდება - 27 იანვრის შემდეგ პირველის ფასმა 9.6%-ით დაიკლო, მეორეს ფასმა კი 10.6%-ით, ეს კი იმ პირობებში, როდესაც ჩინეთში ნავთობის მოთხოვნაზე აღდგენის ნიშნებია და ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვა ძალაში კვირას, 12 თებერვალს შედის.
ცნობისთვის, ბოლო სხდომაზე აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა და როგორც მოსალოდნელია, საპროცენტო განაკვეთები მომდევნო სხდომაზეც გაიზრდება. წინა წელს Fed-ს აგრესიული მონეტარული პოლიტიკა ჰქონდა არჩეული, განაკვეთების ზრდის ტემპის 0.25 პროცენტულ პუნქტამდე ჩამოწევა კი პოლიტიკის შედარებით შერბილებას გულისხმობს. ეს კი ინფლაციის მიერ პიკის გადალახვით და ეკონომიკის შენელებითაა განპირობებული. ბოლო გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5-4.75 პროცენტის შუალედში იქნება, რაც 2007 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.