ბლინკენმა პეკინში აშშ-ის ცაზე ჩინური სადაზვერვო ბურთის გამოჩენის გამო ვიზიტი გადადო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი, რომელიც პარასკევს უნდა დაწყებულიყო, გადადო მას შემდეგ, რაც აშშ-ის საჰაერო სივრცეში შემჩნეულ იქნა ჩინეთის სადაზვერვო საჰაერო ბურთი, განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ABC News-ს მოჰყავს შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვები, რომ ბლინკენს არ სურს ვიზიტის მთლად გაუქმება და ვითარების უკონტროლოდ დატოვება. მაგრამ ამავე დროს მას არ სურდა, საჰაერო ბურთთან დაკავშირებული ინციდენტი ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი საკითხი გამხდარიყო.
მანამდე ჩინეთმა სინანული გამოხატა იმის გამო, რომ, მისი თქმით, „სამოქალაქო“ საჰაერო ხომალდი შემთხვევით მოხვდა აშშ-ის ტერიტორიაზე და ქარმა ის კურსს მოაშორა. ამ ინციდენტს მწვავე რეაქცია მოჰყვა შეერთებულ შტატებში.
ჩინეთის საეჭვო საჰაერო ბურთი უკვე რამდენიმე დღე იმყოფება აშშ-ის თავზე, მონტანის შტატის მიდამოებში. აშშ-ის მაღალი რანგის პირებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ურჩიეს, არ ჩამოაგდონ საჰაერო ხომალდი, ვინაიდან, ნამსხვრევებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ხმელეთზე მყოფ ობიექტებს.
როგორც „ამერიკის ხმა“ იტყობინება, ფრენის ამჟამინდელი ტრაექტორია საჰაერო ბურთს საშუალებას მისცემს, რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს გადაუფრინოს. მონტანაში, მალმსტრიომის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, ბალისტიკური რაკეტების 150 შახტი მდებარეობს.
აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს, დაეზუსტებინათ, რა სიმაღლეზე იმყოფება საჰაერო ბურთი, მაგრამ თქვეს, რომ ის სამოქალაქო ავიაციის მიმოსვლის დონეზე უფრო მაღლა და კოსმოსურ სივრცეზე უფრო დაბლაა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.