აშშ უკრაინას 2,2 მილიარდ დოლარამდე ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
აშშ უკრაინას 2,2 მილიარდ დოლარამდე ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. შესაბამის ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
მორიგი დახმარება მოიცავს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს და მაღალი სიზუსტის შორი მანძილის რაკეტებს GLSDB-ს, ასევე HIMARS-ისთვის საჭირო აღჭურვილობას და ჯავშანტექნიკას.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ახალი სარაკეტო სისტემები GLSDB-ი, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს აღემატება, უკრაინელი სამხედროებისთვის ხელმისაწვდომს გახდის უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის მომარაგების ყველა ხაზს, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ნაწილს. აღსანიშნავია, რომ HIMARS-ის მოქმედების რადიუსი 77 კილომეტრს შეადგენს.
„თავდაცვის დეპარტამენტმა დღეს გამოაცხადა უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების ახალი მნიშვნელოვანი პაკეტის შესახებ. ჯამში, აშშ-მა 2014 წლიდან უკრაინას უსაფრთხოების დახმარების სახით 32 მილიარდი დოლარი გამოუყო, მათ შორის 29,3 მილიარდი დოლარი რუსეთის არაპროვოცირებული და უკანონო ინტერვენციის შემდეგ. დღეს გამოცხადებული დახმარება მოიცავს კრიტიკულად მნიშვნელოვან საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, რაც დაეხმარება უკრაინას, დაიცვას თავისი ხალხი, ასევე ჯავშანტრანსპორტიორებს და სხვა ტექნიკას, რომელსაც უკრაინა ასე ეფექტიანად იყენებს, მათ შორის „ჯაველინებს“, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, არტილერიას, აღჭურვილობასა და კონვენციურ და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.