Jump to content
Planeta.Ge

აშშ-ის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქის აქტივები უკრაინის დახმარებას მოხმარდება


აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გერლენდმა განაცხადა, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქის აქტივები უკრაინის დახმარებას მოხმარდება. ამის შესახებ მან უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ვაცხადებ, რომ ავტორიზაციას ვაძლევ პირველად ისტორიაში ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინაში გამოყენებას. აღნიშნული აქტივების ჩამორთმევა მოხდა მას შემდეგ, რაც აპრილში რუს ოლიგარქს, კონსტანტინ მალოფეევს სანქციებისგან თავის არიდებაში წავუყენე ბრალი“, – განაცხადა აშშ-ის გენპროკურორმა.

მისი თქმით, ჩამორთმეული აქტივები სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცემა უკრაინის მხარდასაჭერად გამოსაყენებლად.

„რუსი სამხედრო დამნაშავეები აშშ-ში თავშესაფარს ვერ ნახავენ“, – აღნიშნა გერლენდმა.

ივნისში მალოფეევის საბანკო ანგარიშზე აშშ-მა მილიონობით დოლარი დააყადაღა მას შემდეგ, რაც აპრილში მას სანქციები დაუწესდა. გასულ კვირას მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ პროკურატურას მალოფეევის კუთვნილი 5,4 მილიონი დოლარის კონფისკაციის ნება დართო.

მალოფეევი 2014 წელს ყირიმში სეპარატიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულეს და მას აშშ-მა სანქციები თავდაპირველად 2014 წელს დაუწესა. 2022 წელს აშშ-ის პროკურატურამ მას სანქციებისგან თავის არიდებაში დასდო ბრალი.

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...