პენტაგონი - ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინას GLSDB ჭურვებს მივაწვდით
პენტაგონის პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ პატრიკ რაიდერის განცხადებით, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენებს GLSDB ჭურვებს, რომელიც აშშ-ის მიერ დაანონსებულ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი გამართულ პრესკონფერენციაზე პატრიკ რაიდერს დაუსვეს შეკითხვა, არის თუ არა GLSDB ჭურვების მიწოდების მიზანი ის, რომ უკრაინამ ისინი ყირიმში მოწინააღმდეგის ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად გამოიყენოს, რადგან აღნიშნულ ჭურვებს ამის პოტენციალი აქვს.
„დიახ, ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში ჩვენ უკრაინას მივაწვდით GLSDB ჭურვებს. ეს მათ აძლევს უფრო შორ მანძილზე მოქმედების უნარს და შესაძლებლობას, რომ განახორციელონ ოპერაციები თავიანთი ქვეყნის დასაცავად და დაიბრუნონ სუვერენული ტერიტორიები, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რაც შეეხება უკრაინის გეგმებს ოპერაციებზე, ცხადია, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ამაში ისინი არიან მთავარი“, - აღნიშნა პატრიკ რაიდერმა.
მისი თქმით, უკრაინის მომავალ პოტენციურ ოპერაციებზე საუბარს ან სპეკულირებას არ აპირებს.
„ჩვენ მათთან ვმუშაობთ, რათა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ბრძოლის ველზე ეფექტურები იყვნენ“, - აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, ამავე ბრიფინგზე პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. ახალ პაკეტში სხვადასხვა შეიარაღებასა და საბრძოლო მასალასთან ერთად მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების ჭურვებიც შევა, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს შეადგენს. კერძოდ, საუბარია Ground Launched Small Diameter Bomb (GLSDB) ჭურვებზე.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.