პარტია "საქართველოსთვის" - ევროკომისიის ანგარიშს ვაფასებთ პოზიტიურად, თუმცა ძალიან დიდი სამუშაოა წინ შესასრულებელი
ევროკომისიის ანგარიშს ვაფასებთ პოზიტიურად! თუმცა ძალიან დიდი სამუშაოა წინ შესასრულებელი, არამხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით, ამის შესახებ განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ევროკომისიის შეფასება გაკეთდა ქვეყნების მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე და ეყრდნობა არსებულ კანონმდებლობას/მარეგულირებელ ჩარჩოს და არა რეალურ ვითარებას.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ტექნიკური თვალსაზრისით საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი ასოცირებულ ტრიოში. სწორედ ამის დადასტურებაა ეს შეფასებაც. ეს პირველ რიგში არის მთლიანი საჯარო სექტორის, ჩვენი საჯარო მოხელეების დამსახურება.
ახლა მთავარია, რომ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკა, რომელსაც “ოცნების” ხელისუფლება დასავლეთის მიმართ ატარებს და ის აგრესიული რიტორიკა, რაც რუსული პროპაგანდის მესიჯებით გვესმის დასავლეთის მიმართ, შეიცვალოს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაც! გაგახსენებთ, ჩვენი გუნდი იყო ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, ვინც მონაწილეობდა ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში. ამას რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორები აკვირდებიან და აფასებენ!
ევროკავშირის ეს შეფასება დადასტურებაა, რომ ჩვენს ქვეყანას რეალური პარტნიორები და მეგობრები დასავლეთში ჰყავს.
შესაძლოა გქონდეს კარგი, ევროკავშირთან ჰარმონიზებული კანონმდებლობა, თუმცა აღსრულების ნაწილში გქონდეს უდიდესი გამოწვევები, მაშინ, როდესაც სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსი არ არსებობს, სახელმწიფო ინსტიტუტები არ არიან დამოუკიდებლები და ექვემდებარებიან სახელისუფლებო პარტიის ვერტიკალს!
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია", - ვკითხულობთ პარტია "საქართველოსთვის" განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.