კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია - უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან არ არის შესაფერისი ანაზღაურება
საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ არის აღნიშნული, რომელიც პირისპირ გამოკითხვის მეთოდით 2022 წლის დეკემბერში ჩატარდა.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ურბანული დასახლებების მაცხოვრებელთა უმრავლესობა დასაქმებულია. მათივე ცნობით, ქალების უმეტესობა ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან დიასახლისია.
NDI-ს ცნობით, უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებით.
„სოფლის ტიპისა და ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში უმუშევრების უმრავლესობა ამბობს, რომ ვერ პოულობს ვერანაირ სამსახურს.
იმ გამოკითხული მოსახლეობიდან, რომელიც ამბობს რომ დაუსაქმებელია, 49% ეძებს სამსახურს, ეძებს მაგრამ ვერ პოულობს შესაფერისი ანაზღაურებით - 20%, არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით -16%; დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად არ ეძებს - 8%; ეძებს, მაგრამ ვერ იპოვა შესაფერისი სამუშაო პირობებით (ანაზღაურების გარდა) -5%“, - ნათქვამია კვლევაში.
ამასთან, ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს. თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები ყველაზე კრიტიკულად არიან განწყობილნი.
კითხვაზე: რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ მთავრობა შეძლებს ეკონომიკურ პრობლემების გამკლავებას? - გამოკითხული მოსახლეობის 37% დარწმუნებულია, რომ შეძლებს; 51%- არ არის დარწმუნებული; ხოლო 12%- არ იცის.
ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მათი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად ან დამაკმაყოფილებლად აფასებს. პატარა ქალაქებში, სოფლის ტიპისა და უმცირესობათა დასახლებებში, დიდ ქალაქებთან შედარებით, თავიანთი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას მეტი ადამიანი აფასებს ცუდად.
კითხვაზე: ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ შეაფასებდით თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას? გამოკითხულთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 5%-კარგად; 59%-ს დამაკმაყოფილებელი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს; 35%-ს - ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა.
აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.