NDI-ის კვლევის მიხედვით, 69%-ის აზრით, საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უნდა შემოიღოს - 57%-სთვის რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია
„საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 54%-ის აზრით, უკრაინაში ომი რუსეთის ბრალია, 25% მიიჩნევს, რომ ომი ვლადიმერ პუტინის ბრალია, 15%-ის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების, 8% კი ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი უკრაინის ბრალია.
გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში რუსეთის ბევრი მოქალაქის შემოსვლას ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ექნება, 17%-ის აზრით, ეს ქვეყანაზე დადებითად აისახება, 6% ფიქრობს, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას ქვეყანაზე არანაირი გავლენა არ ექნება.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 57%-სთვის რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია, 29%-სთვის მისაღებია, 13%-მა კი „არ იცის“.
NDI-ის კვლევის მიხედვით, 69%-ის აზრით, საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უნდა შემოიღოს. 21% კი ფიქრობს, რომ არ უნდა შემოიღოს.
სავიზო რეჟიმის მხარდაჭერა კიდევ უფრო მაღალია თბილისში, 18 -34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, ქალებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებში.
დოკუმენტის მიხედვით, გამოკითხულთა 80%-ს რუსეთის მთავრობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, 13%-ს კი დადებითი. რუსეთის მთავრობისგან განსხვავებით, მოსახლეობის უმრავლესობა, 56% რუსი ხალხის მიმართ დადებითადაა განწყობილი. უარყოფითად კი 38%-ია განწყობილი.
ცნობისთვის, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.