უკრაინის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, არსენ ავაკოვთან, ჩხრეკა ჩატარდა
უკრაინის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, არსენ ავაკოვთან, ჩხრეკა ჩატარდა 18 იანვარს ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. ავიაკატასტროფაში 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობა.
ავაკოვის თქმით, მასთან მივიდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და გამოძიების სახელმწიფო ბიუროს თანამშრომლები. მათ აინტერესებდათ ექვსი წლის წინანდელი დოკუმენტაცია ფრანგული ვერტმფრენების შესყიდვაზე, როცა ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე იყო.
ავაკოვმა აღნიშნა, რომ გამომძიებლებმა ვერაფერი აღმოაჩინეს. ყოფილმა მინისტრმა დააზუსტა, რომ ვერტმფრენების შესყიდვის კონტრაქტები უკრაინის მთავრობისა და ვერხოვნა რადის მიერ იყო დამტკიცებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ფრანგული წარმოების ვერტმფრენ Super Puma-თი მიფრინავდა, როცა კატასტროფა მოხდა.
არსებობს მომხდარის სამი ძირითადი ვერსია, რომლებსაც განიხილავს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: ფრენის წესების დარღვევა, ტექნიკური გაუმართაობა და განზრახ განხორციელებული მოქმედებები სატრანსპორტო საშუალების განადგურების მიზნით.
კიევი და პარიზი უკრაინისთვის ფრანგული ვერტმფრენების შესყიდვაზე 2018 წელს შეთანხმდნენ. კონტრაქტის ფარგლებში უკრაინამ კონცერნ Airbus-ისგან მიიღო რამდენიმე Super Puma შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო კომიტეტის საჭიროებებისთვის.
მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული იყო როგორც ახალი, ისე ძველი ვერტმფრენების მიწოდება მას შემდეგ, რაც მათზე უარი თქვა ნორვეგიამ. იქ ერთ-ერთი Super Puma ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე ჭაბურღილზე გაფრენისას ჩამოვარდა და 13 ადამიანი დაიღუპა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.