ნათია მეზვრიშვილი - ბოლო ორი დღე, სანამ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს გვიყრიდნენ საკენკად, ხელისუფლებამ დანაშაულის დაფარვის და სტატისტიკის გაყალბების გეგმა შემოგვაპარა
ბოლო ორი დღე, სანამ ნაცმოძრაობაში მიმდინარე მოვლენებს გვიყრიდნენ საკენკად, ხელისუფლებამ დანაშაულის დაფარვის და სტატისტიკის გაყალბების გეგმა შემოგვაპარა, კორუფციის წინააღმდეგ „წარმატებული ბრძოლის“ პროპაგანდისტული კამპანია აწარმოა და ხალხში პარალელური რეალობის დალექვა დაიწყო - როგორ ვითარდება ქვეყანა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დღეს "ქართული ოცნების" ინტერესია, ილაპარაკონ მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობაზე" და ყურადღება გადაიტანონ ასეთი მავნებლობიდან.
"ამჯერად დანაშაულის სტატისტიკას მინდა შევეხო - მე აქამდეც შევეხე ამ თემას, მაგრამ, გუშინ პირდაპირ გვითხრეს, რომ აბრუნებენ დანაშაულის დამალვის და სტატისტიკის გაყალბების პრაქტიკას, რაც აღმოვფხვერით. კერძოდ:
როცა გვეუბნებიან, რომ დანაშაული 3.39%-ით შემცირდა, გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ 62%-ს შეადგენს და კვარტალური გამოქვეყნების პრაქტიკაზე გადადიან, ეს ნიშნავს, რომ დანაშაული იმალება, სტატისტიკა ყალბდება ან ხდება სტატისტიკით მანიპულირება და ამას გვიმალავენ და აი რატომ:
როცა გვეუბნებიან, რომ შემცირდა მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, პირველი კითხვა რაც უნდა დავსვათ არის - ხომ არ გაიზარდა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება? თუ დააკვირდებით 26%-ითაა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით მკვლელობის მცდელობებს და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს აკვალიფიცირებენ 118-ე მუხლით. ამაზე პასუხი არავის გაუცია. ჩვენ დეტალურად ვხსნიდით რა და რატომ იმატებდა და იკლებდა.
როცა გვეუბნებიან, რომ შემცირდა ყაჩაღობა, პირველი კითხვა რაც უნდა დავსვათ არის - ხომ არ გაიზარდა ძარცვა? თუ დააკვირდებით 22%-ითაა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ყაჩაღობას აკვალიფიცირებენ 178-ე მუხლით. ამაზეც პასუხი არავის გაუცია. ჩვენ დეტალურად ვხსნიდით რა და რატომ იმატებდა და იკლებდა.
როცა გვეუბნებიან, რომ ქურდობამ იკლო და ვხედვათ, რომ ქურდობის გახსნის მაჩვენებელმა იმატა, ნიშნავს, რომ ან ქურდობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები უმაღლეს დონეზე აიყვანეს (რაც პოლიციის იტორიაში არ მომხდარა) ან ქურდობა იმალება იმიტომ, რომ ქურდობა ფარული დანაშაულია და წლების განმავლობაში ასეთი მონაცემების ჩვენება, მხოლოდ ქურდობის დამალვით იყო შესაძლებელი. ამაზეც პასუხი არავის გაუცია. ჩვენ დეტალურად ვხსნიდით რა და რატომ იმატებდა და იკლებდა. დიდი ალბათობით დაბრუნდა ძველი პრაქტიკა, როცა ქურდობაზე დაზარალებულს აწერინებდნენ, რომ კი არ მოპარეს, დაკარგა, თავისუფლების აღკვეთაზე აწერინებდნენ, რომ ცოლად ნებით გაჰყვა და ა.შ. რასაც ვერ გავიგებთ უწყების ჩაკეტილობის პირობებში.
როცა გვეუბნებიან, რომ კვარტალურ გამოქვეყნებაზე გადადიან, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება - სტატისტიკით მანიპულირება. კერძოდ, მაგალითად: თუ იანვარში გამოძიებას დაიწყებ 100 ფაქტზე და თებერვალში ამ 100-დან გამოძიებას შეწყვეტ 20 ფაქტზე, ამ 20 ფაქტს აკლებენ იანვრის სტატისტიკას და იანვარში რეგისტრირებულად აფიქსირებენ 80-ს. ყოველთვიურად სტატისტიკის გამოქვეყნება, რომლის პრაქტიკაც ჩვენ დავნერგეთ, ნიშნავს იმას, რომ სტატისტიკით მანიპულირება შეუძლებელია. კვარტლურ გამოქვეყნებაზე გადასვლა ნიშნავს იმას, რომ წინა თვის ფაქტებზე მომდევნო თვეებში შეწყვეტილ გამოძიებებს გამოაკლებენ და დაჯამებულ სურათს გვაჩვენებენ, რაც რეალობის ამსახველი არ არის.
გახსნის მაღალი მაჩვენებელიც განპირობებულია ორი ფაქტორით - სტატისტიკით მანიპულირებით (რაც ზემოთ აღვწერე), დანაშაულის დამალვით და შეწყვეტებით, რომლის ციფრიც აკლდება რეგისტრირებული დანაშაულის ციფრს.
ამიტომ შევცვალეთ სტატისტიკის გამოქვეყნების ინტენსივობა, ამიტომ ვატარებდით რეგულარულ, დეტალურ ბრიფინგებს და ამიტომ ვუხსნიდით საზოგადოებას რეალურ კრიმინოგენურ მდგომარეობას - დანაშაულის დამალვა და სტატისტიკის გაყალბება აღმოვფხვერით, ამათ დააბრუნეს.
სანამ შინაარსობრივი დებატებით შეშინებული ოცნება, მის მიერ დასპონსორებულ ფეისბუქ გვერდებს მომასევს, გეტყვით, რომ არც ერთ პოლიციელს ეს არ სიამოვნებს, ეზიზღებათ მათი საქმის სტატისტიკით შეფასება. ოცნება აიძულებს. ამიტომ, თუ რამის თავი გაქვთ, პირისპირ მელაპარაკეთ ქართული ოცნება / Georgian Dream
ესაა დღეს ოცნების ინტერესი, ილაპარაკონ მხოლოდ ნაცმოძრაობაზე და ყურადღება გადაიტანონ ასეთი მავნებლობიდან. უბრალოდ სამთავრობო არხებს უყურეთ და ყველაფერი ნათელი გახდება.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.