Jump to content
Planeta.Ge

არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების შეფასებას აქვეყნებენ


„სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების შეფასებას აქვეყნებენ.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების, ისე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ იდენტიფიცირებულ რიგ პრობლემებს პასუხობს, თუმცა, მათივე თქმით, სრულად არ იყო გათვალისწინებული ყველა არსებითი ხასიათის რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა 2022 წლის დეკემბერში წარმოადგინეს.

„2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის ოფიციალური განაცხადი წარადგინა, ივნისში კი ევროპულმა საბჭომ საქართველოს მთავრობას წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 პირობის დაკმაყოფილება მოსთხოვა. ერთი-ერთი პირობა საარჩევნო საკითხებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უნდა მოეგვარებინა ყველა ის პრობლემა, რაც ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ იყო იდენტიფიცირებული.

ამ რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელში მონაწილეობაც საპარლამენტო ძალების ნაწილმა არ მიიღო, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა საპარლამენტო უმრავლესობამ ხელოვნურად შეზღუდა.

2022 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტები, რომლებიც საარჩევნო კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებდა. 10 ოქტომბერს კანონპროექტები პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნა და მოსაზრებების დაჩქარებული წესით მომზადება სთხოვა.

19 დეკემბერს ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა გაგზავნილი კანონპროექტების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნეს. პარლამენტმა ამ რეკომენდაციების საფუძველზე კანონპროექტებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, რომლებიც საბოლოოდ 22 დეკემბერს მესამე მოსმენით იქნა მიღებული. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების, ისე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ იდენტიფიცირებულ რიგ პრობლემებს პასუხობს, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, ამ ცვლილებებით სრულად არ იქნა გათვალისწინებული ყველა არსებითი ხასიათის რეკომენდაცია, მათ შორის, არ აისახა იმ რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი, რომელიც ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა 2022 წლის დეკემბერში წარმოადგინეს. მათი ერთობლივი შეფასებით, განხორციელებული რეფორმა საარჩევნო კოდექსის ყოვლისმომცველ ანალიზს არ ეფუძნება და მხოლოდ ცალკეულ საკითხებს შეეხება.

გარკვეული დათქმებით, დადებითად შეიძლება შეფასდეს ისეთი ცვლილებები როგორიცაა: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სავალდებულო სერტიფიცირების შემოღება; საჩივრების/სარჩელების წარდგენისა და განხილვის ზოგიერთი ვადის გახანგრძლივება; გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცესში ოთხი ამომრჩევლის მარკირების შემოღება; პარტიების წლიური ხარჯებზე დაწესებული ზედა ზღვრის განახევრება; ადგილობრივ არჩევნებზე კანდიდატებისთვის ბინადრობის ცენზის შემცირება; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის დაწესებული ჯარიმის ოდენობის გაზრდა; პროფესიული ნიშნით ასარჩევი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანამდებობრივი შეუთავსებლობის საფუძვლების გაფართოება; შედეგების შემაჯამებელ ოქმში დისბალანსის არსებობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის გახსნის და ხმების გადათვლის იმპერატიული ვალდებულების გაჩენა. გარდა ამისა, ზოგადად, მისასალმებელია საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რეგულაციები იყოს უფრო ცხადი და ყოვლისმომცველი და რაც შეიძლება ნაკლები საკითხი მიეკუთვნებოდეს ცესკოს დისკრეციას“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებაში.

აქვე ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის არსებითი ხასიათის რეკომენდაციებიდან, რომლებიც მიღებულ ცვლილებებში საერთოდ არ ასახულა, აღსანიშნავია ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევისა და უფლებამოსილების გახანგრძლივების ნაკლოვანი რეგულაციები, ასევე, პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ჩამორთმევის შესაძლებლობა, რომელიც უსამართლოა და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.

„ამასთან, არ იქნა გათვალისწინებული განმეორებადი რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო კომისიების ქვედა დონეზე პროფესიული წევრების არჩევას და ამ პროცესის გამჭვირვალობას.

ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა ერთობლივ დასკვნაში, ასევე, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიღებული პროექტი ვერ პასუხობდა ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებს, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ამომრჩევლის დაშინება, ხმების გადათვლისა და შედეგების გაბათილებისთვის არასაკმარისი კრიტერიუმების არსებობა.

ვენესიის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებით, საჭიროა სამომავლოდ განხორციელდეს ყოვლისმომცველი და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმა, რომელიც დაეფუძნება საარჩევნო კანონმდებლობისა და პრაქტიკაში არსებული პრობლემების სრულ და სიღრმისეულ ანალიზს.

საარჩევნო რეფორმის დროს მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის როგორც ცალკეულ კანონპროექტებზე დაწერილი დასკვნები, ისე საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების მიერ სხვადასხვა დროს წარმოდგენილი რეკომენდაციები“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

 


 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...