საქართველოში კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა - TI-ის რეკომენდაციები
2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია - ამის სესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.
წარსულში 56 ქულა ქვეყანას 3-ჯერ: 2017, 2019 და 2020 წლებში ჰქონდა. რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილს იკავებს. იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 56 ქულა საშუალო მაჩვენებელია. მაგალითისთვის, საუკეთესო შედეგის მქონე 10 ქვეყნის ქულები 80-ს აღემატება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ნამდვილად უსწრებს ევროპის რამდენიმე ქვეყანას, თუმცა, ამავე დროს, მთელი 10 ქულით ჩამორჩება ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს.
„რეიტინგში საქართველოს შედეგი, ძირითადად, განპირობებულია წვრილმანი მექრთამეობის დაბალი დონით, თუმცა ამავდროულად კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა“,- წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 12 პრიორიტეტის შესრულება დღეს საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ვითარების გამოსასწორებლად და ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ 2023 წელი 12 პრიორიტეტით გათვალისწინებული თითოეული რეფორმის ზედმიწევნით შესასრულებლად უნდა გამოიყენოს. აუცილებელია:
- დაიწყოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების ეფექტური გამოძიება;
- გაძლიერდეს საზედამხედველო ინსტიტუციები, პირველ რიგში კი პარლამენტის როლი;
- საშუალება მიეცეს მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უსაფრთხო გარემოში, თავისუფლად შეასრულონ მათი საზედამხედველო ფუნქცია;
- განვითარდეს კრიტიკული მედია და საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ხელი შეეწყოს არასამთავრობო სექტორს, ანტიკორუფციულ ორგანიზაციებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.