Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დანიის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრისას უკრაინის თავდაცვით საჭიროებებსა და აღდგენაზე ისაუბრეს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დანიის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრისას უკრაინის თავდაცვით საჭიროებებსა და აღდგენაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად ზელენსკი დღეს მიკოლაევსა და ოდესაში იმყოფებოდა.

„ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ უკრაინის თავდაცვით საჭიროებებზე. იმაზე, რა შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი სამხრეთისა და ჩვენი აღმოსავლეთის გათავისუფლებაში. ასევე იმაზე, თუ რა გვჭირდება უკრაინის აღდგენის კონტექსტში. მიკოლაევი არის ქალაქი, რომლის აღდგენაზეც დანიამ პატრონაჟი საკუთარ თავზე აიღო. ეს საჭიროებს პროექტებს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის სფეროებში, სოციალურ სფეროში, წარმოებაში. განსაკუთრებით საგრძნობია მიკოლაევისთვის წყლის გაწმენდა, რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებული ნორმალური წყალმომარაგების აღდგენა. უკვე დაწყებულია შესაბამისი პროექტის განხორციელება დანიის მონაწილეობით. თუმცა, საჭიროა კიდევ უფრო მეტი აღდგენისთვის და მოდერნიზაციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოდესაში დანიის ლიდერთან უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ინიციატივები განიხილა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დანიამ მხარი დაუჭირა უკრაინის შავი ზღვის ინიციატივას და შეუერთდა პროგრამას „მარცვლეული უკრაინიდან“, რომელიც ღარიბ ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ითვალისწინებს.

„ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს არსებითი პროგრესი სასურსათო უსაფრთხოებასთან მიმართებით, ადასტურებს, რომ ჩვენ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა ჩვენი მშვიდობის ფორმულის სხვა პუნქტებშიც. დღეს ჩვენ განვიხილეთ, კონკრეტულად როგორი შეიძლება იყოს დანიის მონაწილეობა მშვიდობის ფორმულის პუნქტების განხორციელებაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დანიას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენამდე მხარდაჭერის მზადყოფნისთვის.

„რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს ყველგან და ყველაფერში – ბრძოლის ველზეც და იმაშიც, რომ ჩვენს ქვეყანაში არ დარჩეს არცერთი ნანგრევი, რომ ჩვენ შევძლოთ ყველაფრის აღდგენა და დამტკიცება, რომ თავისუფლება უფრო ძლიერია“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...