სოფო ხორგუანი: "გმირობას ყველას ვერ მოსთხოვ"
"მოსაზრება, რომ მტრობა და შუღლი მხოლოდ ქართველებს ახასიათებს, არასწორია!"
"ჩვენი ქვეყნის განვითარებას წინ ვერავინ დაუდგება, შეიძლება ეს პროცესი ვიღაცამ დროებით შეაფერხოს, მაგრამ ასეა..." - ამბობს იურისტი, უფლებადამცველი სოფო ხორგუანი.
- ქალბატონო სოფო, თქვენც ფიქრობთ, რომ ქართველი ხალხი ძალიან ინერტულია და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე რეაქცია არა აქვს?
- ვერ დაგეთანხმებით, რომ ქართველ ხალხს მიმდინარე მოვლენებზე რეაქცია აღარ აქვს. ამის დასტურია თუნდაც ის, თუ როგორ გაიზარდა ბოლო ხანებში ემიგრანტთა რაოდენობა. ეს არის ყველაზე თვალსაჩინო რეაქცია; ეს არის გამოძახილი იმისა, რაც საქართველოში ხდება. მიგრაციის ასეთი დიდი ტალღა ამ ქვეყანას კარგა ხანია არ უნახავს. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როცა ვხედავ, როგორ ტოვებენ ქართველები სამშობლოს და საცხოვრებლად უცხო ქვეყნებში მიდიან, ლტოლვილებად ბარდებიან. საზღვრებს მიღმა თავის დამკვიდრება იოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ როდესაც ადამიანს იმედი აქვს, რომ მისი შრომა, ნიჭი და ცოდნა უცხოეთში უფრო დაფასდება, უკეთესი მომავლის შესაქმნელად მიდის. ადამიანი, რომელსაც უკეთესი მომავლის იმედი აქვს, ითმენს და ფიქრობს, რომ ცოტას გაიჭირვებს და სულ მალე ყველაფერი შეიცვლება. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობას მომავლის იმედი გაუქრა და უპერსპექტივობის განცდა მოერია. სწორედ ამის გამოძახილია, რომ თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს სულ ცოტა, ერთი ემიგრანტი მაინც. ასეა ჩემს გარემოცვაშიც: ყოველი მეორე ან უცხოეთშია, ან წასვლაზე ფიქრობს. ეს დამთრგუნველი და დამზაფვრელი მოვლენაა ჩემთვის!..
ჩვენთან მმართველობის სტილი არ შეცვლილა, პოსტსაბჭოთა სივრცეს თავი ვერ დავაღწიეთ... ხელისუფლებაში იმ მიზნით მოდიან, რომ უკვე ნაშოვნი ფული შეინარჩუნონ და მოამრავლონ, ხალხს ყვლეფენ და მერე ამ ნაძარცვით, ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით შვილებს ამერიკასა და ევროპაში უშვებენ სასწავლებლად თუ საცხოვრებლად. ჩვენი ხელისუფლება ხალხს არ ემსახურება, რაც ნამდვილად არ არის განვითარებული ქვეყნისთვის დამახასიათებელი მოვლენა. დიდ დროსა და უამრავ ადამიანურ რესურსს ვკარგავთ, რომელიც ამ ქვეყნის სასარგებლოდ უნდა გამოგვეყენებინა. ჩვენ არ გვყოლია ხელისუფლება, რომელიც გაიაზრებდა, რომ ქვეყნის მსახური უნდა იყოს და არა - ბატონ-პატრონი. მოკლედ, დასავლური ტიპის მმართველობა ჯერ არ გვაქვს და არც გვქონია. რა განსხვავებაა დასავლურ და საბჭოურ მმართველობას შორის? - ამის საუკეთესო მაგალითია იტალია: მიუხედავად იმისა, რომ ის არც ისე მდიდარი და მოწინავე ქვეყანაა, ჩვენი ქალები, ჩვენი მოქალაქეები იტალიაში ჩადიან და მოხუცებს უვლიან, ანუ რიგით იტალიელ პენსიონერს საშუალება აქვს, დამხმარე აიყვანოს. ამაზე ქართველი პენსიონერების დიდი ნაწილი ვერც იოცნებებს. რატომ? - ამაზე პასუხი უნდა ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ჩვენ მიერ დროებითაა დაქირავებული.
- თუმცა, არჩევნებამდე თითქმის ყველა ამტკიცებს, რომ ყველაფერში დამნაშავე წინა ხელისუფლებაა...
- დიახ, ასეა და ყველა არნახულ დაპირებებს იძლევა. ალბათ გახსოვთ, როგორი ლოზუნგით მოვიდა ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" - "საქართველო კორუფციის გარეშე"; არანაკლებ შთამბეჭდავი დაპირებები ჰქონდა "ქართულ ოცნებას", რომელიც ლამის ამერიკული ოცნების ასრულებას გვპირდებოდა, მაგრამ ეს დაპირებები როგორ ასრულდა, ყველამ საკუთარი თვალით დავინახეთ. სწორედ ამის გამო გაჩნდა იმედგაცრუება, რომელმაც ყველა სფერო და მოსახლეობის ყველა ფენა მოიცვა. ხელისუფლება ხალხს არჩევნებამდე ათას რამეს ჰპირდება და მერე არაფერს ასრულებს. მიგრაციის ამხელა ტალღაც ამ ნიჰილიზმისა და იმედგაცრუების ბრალია. ბევრს ურჩევნია, წავიდეს იქ, სადაც პატიოსანი შრომით შეძლებს, შვილებს უკეთესი ცხოვრების პირობები შეუქმნას. გმირობას ყველას ვერ მოსთხოვ, საქართველოში კარგი მოქალაქე რომ იყო, ეს ლამის გმირობის ტოლფასია.
- კიდევ ერთ პრობლემაზე უნდა ვისაუბროთ: რატომ მომრავლდნენ მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას სამშობლოში ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩვენი ხსნა რუსეთშია?
- მე მაინც მგონია, რომ მათი რიცხვი არც ისე დიდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა ეს პრობლემა ყველას გვაწუხებს. სულ ახლახან, 2008 წლის ომის დროს, რუსები არ გვბომბავდნენ?!. დამოუკიდებელ საქართველოს, გარდა რუსეთისა, ომი არავისთან ჰქონია. დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში არც ერთ სახელმწიფოს ჩვენთვის იმდენი ზიანი არ მოუყენებია, რამდენიც რუსეთმა მოგვაყენა. ძნელი მისახვედრი სულაც არ არის, რომ ჩვენი მტერი რუსეთია და სხვა არავინ. მე მაინც მგონია, ეს ხალხი დაფინანსებულია - რუსეთი მათზე დიდ ფულს ხარჯავს. როცა შენ ირგვლივ სიღარიბე, უპერსპექტივობა, იმედგაცრუებაა და ამ დროს ვიღაც მინიმალურ დაფინანსებას გთავაზობს, მის ანკესზე წამოგება ადვილია. ჩემი აზრით, პრორუსულად განწყობილი ადამიანების რიცხვი დიდი არ არის და არა მგონია, საქართველოში პრორუსული განწყობა გაიზარდოს.
- ამგვარი ოპტიმიზმის საფუძველს რა გაძლევთ?
- თუნდაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენები - აშკარაა, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს! რუსეთის დამარცხება გარდაუვალია, რადგან მთელი ცივილიზებული სამყარო ამის მომხრეა. მართალია, პრორუსულად განწყობილი ქართველები ამტკიცებენ, ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდი უფრო დიპლომატიურად უნდა მოქცეულიყოო, მაგრამ უკრაინელებს ომი სხვის ტერიტორიაზე არ წამოუწყიათ, პირიქით, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებასაც ცდილობდნენ. სამწუხაროდ, რუსეთმა მაინც წაართვა მათ ყირიმი, დონბასი და ბოლოს, რუსული ჯარი კიევსაც მიადგა... როდესაც ვიღაც მოდის და თავს გესხმის, ბუნებრივია, თავს დაიცავ. იქნებ ვინმემ მიპასუხოს, უკრაინას, გარდა თავდაცვისა, სხვა რა გზა უნდა აერჩია?
- რას ფიქრობთ მოსაზრებაზე, რომ "ოცნების" სწორმა პოლიტიკამ საქართველო ომისგან დაიცვა?
- ჯერ ერთი, რუსებს ჩვენთან ომი საერთოდ არ სჭირდებათ - აფხაზეთი და ცხინვალი უკვე "ჯიბეში" აქვთ. თანაც, არც ახალი ომის თავი აქვთ და არც - საჭიროება. ისე, დღეს საქართველოში საომარი მოქმედებები არ არის, თორემ ომში არა ვართ?! როდესაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ, როცა ევროკავშირის დამკვირვებლებს ე.წ. საზღვართან ცეცხლს უხსნიან, ეს როგორი მშვიდობაა?! ამიტომ, უსაფუძვლოა ილუზია, რომ შეიძლება რუსეთი დიპლომატიით და ტკბილი სიტყვით შევაკავოთ. უბრალოდ, მათ აქ ომის დაწყება არ სურთ, რადგან ბევრ რამეს მშვიდობიანი გზებით აგვარებენ: გადახედეთ, ბოლო თვეებში რამდენი ბინა და სახლი იყიდეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში, თანაც, იმ ფონზე, როცა ქართველები ქვეყნიდან გადიან. ეს ხომ არის დასტური იმისა, რომ აქ რუსეთის გავლენა საკმარისზე მეტია?! ჩვენც, ყოველთვის იმიტომ გვსურდა დასავლური უსაფრთხოების სისტემის წევრობა, რომ ამგვარი რისკებისგან დაცულნი ვყოფილიყავით.
- სამწუხაროდ, მტრის წისქვილზე ისიც წყალს ასხამს, რომ ქართველები ერთმანეთთან შუღლსა და მტრობას ვერ იშლიან...
- მე არ მომწონს, როცა ამბობენ, რომ მტრობა და დაპირისპირება მარტო ქართველი ერის დამახასიათებელი ნიშანია. ეს ჩვეულებრივი ამბავია, როცა განსხვავებული შეხედულების ადამიანები ერთმანეთს ერჩიან და უპირისპირდებიან. ამ შემთხვევაში ეროვნებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ყველაზე მარტივ მაგალითს მოვიყვან: მთელი მსოფლიო ხედავს, "ბარსელონისა" და "რეალის" ფანები ერთმანეთს როგორ უპირისპირდებიან. ამიტომ, აზრი, რომ ცუდები მხოლოდ ქართველები ვართ, არასწორია. დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა ყველა ქვეყანაშია, ამიტომ, კოალიციური მმართველობა ყველაზე კარგი გამოსავალია. ამგვარი მმართველობის პირობებში სისტემური სახელმწიფოს აშენებას უფრო შევძლებთ; ისეთი სახელმწიფოსი, რომელიც თავის ფუნქციებს ასრულებს და არავის აძლევს უფლებას, ხალხის ხარჯზე იცხოვროს. ყველაზე მთავარი კი იცით, რა არის? - ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული და ძლიერი სახელმწიფოს იდეა კვლავაც არსებობს და ამ იდეას უამრავი ადამიანი ემხრობა. ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა, უფრო მდიდარ, უფრო ძლიერ და ბედნიერ სახელმწიფოში იცხოვროს. სამწუხაროდ, ბევრ დროს ვკარგავთ და ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ უკეთეს ქვეყანას ავაშენებთ.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ძალიან ვაგვიანებთ?
- არა, რადგან სახელმწიფოს სრულყოფა მუდმივი პროცესია და განვითარებას წინ ვერავინ დაუდგება. შეიძლება ვიღაცამ დროებით შეაჩეროს, შეაფერხოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც პროგრესი გაიმარჯვებს, მით უმეტეს, რომ ქართველებს ბევრი მშრომელი, წესიერი და ნიჭიერი ადამიანი გვყავს. ასეულობით ახალგაზრდა მიდის დასავლეთში განათლების მისაღებად. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდები დაბრუნდებიან და უმრავლესობა თავის ცოდნას სამშობლოს სასიკეთოდ გამოიყენებს. იმედს ისიც მაძლევს, რომ ხალხი, რომელიც ევროპასა და ამერიკაში მიდის და მძიმე შრომით გარკვეულ თანხას შოულობს, ისევ თავის ოჯახს აძლიერებს, თავის ფუძესა და სახლ-კარს ვერ ელევა. თუ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება გვეყოლება, 2-3 წელიწადში სიტუაცია ძირეულად შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ცივილიზებული სამყაროც გვერდში დაგვიდგება - აი, რატომ ვარ იმედიანად განწყობილი.
ხათუნა ჩიგოგიძე
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.