ცივი იარაღის ტარებაზე დღეიდან სანქციები მკაცრდება
დღეიდან, ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება. ამ მიმართულებით, ამოქმედებას იწყებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და ასევე, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად, 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.
აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა კი, გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.
ახალი საკანონმდებლო ნორმის თანახმად, „ცივი იარაღის ტარება“ ასევე ისეთი გარემოების არსებობას გულისხმობს, როდესაც პირი ცივ იარაღს იმგვარად ფლობს, რომ მისი დაუყოვნებლივი გამოყენება მოხდეს. (კოდექსის აქამდე მოქმედი რედაქციით “ცივი იარაღის ტარება“ მხოლოდ ისეთი გარემოების არსებობას გულისხმობდა, როდესაც პირს ცივი იარაღი უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში).
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.