კელი დეგნანი - ქართველი ხალხი მიაღწევს წარმატებას ქვეყნის სტაბილური, ევროატლანტიკური მომავლის მშენებლობაში, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ წარმატებულ ახალ წელს, გაგიმარჯოთ
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალ წელს ულოცავს. საახალწლო მილოცვას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
კელი დეგნანი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უსურვებს მშვიდობიან და წარმატებულ ახალ წელს.
„ამერიკის საელჩოს სახელით, გვსურს გაგიზიაროთ რამდენიმე ამაღელვებელი ისტორია, რომელიც წარმოაჩენს ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობას. ეს შთამბეჭდავი ისტორიები გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა უკეთესობისკენ ბევრი ადამიანისა თუ თემის ცხოვრება მთელი საქართველოს მასშტაბით, ქართველებისა და ამერიკელების ერთობლივი შრომით და რატომ გვიხარია ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის გაგრძელება მომავალშიც.
ჩვენ გვაახლოებს საერთო ღირებულებები – სიყვარული თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ; ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, რელიგიური და კულტურული ტრადიციების პატივისცემა და ჩვენი ენთუზიაზმი ინოვაციების, მეწარმეების და ეკონომიკური პროგრესის მიმართ.
ჩვენი მეგობრობის და ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველია ის, რომ ქართველ ხალხს შეუძლია და მიაღწევს წარმატებას ამ ქვეყნის სტაბილური, აყვავებული, ევროატლანტიკური მომავლის მშენებლობაში. ეს არის მომავალი, რომლის შენება ქართველებმა საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწყეს და ახლა უკვე ახლოსაა. ეს ამბები მხოლოდ მცირე მაგალითია იმისა, რასაც ქართველებმა და ამერიკელებმა ერთად მიაღწიეს. ვიფიქრეთ, რომ მათი გაზიარება წლის შეჯამების კარგი გზა იქნებოდა.
ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების მათი პარტნიორობისა და ძალისხმევის გამო, ვუჭერთ რა მხარს თქვენს წარმატებას ევროპულ გზაზე. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ სასიამოვნო დღესასწაულებს, ჯანმრთელობასა და მშვიდობიან, წარმატებულ ახალ წელს. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამერიკა.
მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით, გაგიმარჯოთ!“, – ნათქვამია კელი დეგნანის საახალწლო მილოცვაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.