Jump to content
Planeta.Ge

ოლექსი რეზნიკოვი რუსეთის მოქალაქეებს - დაახლოებით, ერთი კვირა დაგრჩათ, სანამ თქვენი ხელისუფლება საზღვრებს ჩაკეტავს - რუსეთი მობილიზაციის მორიგ ტალღას დაიწყებს


მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ბრძოლისუნარიანები არიან - უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება რუსეთის დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს. ზუსტად ვიცი, რომ დაახლოებით, ერთი კვირა დაგრჩათ, სანამ რაიმე არჩევანი მაინც გაქვთ. იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება მამაკაცებს საზღვრებს ჩაუკეტავს, შემდეგ საომარ მდგომარეობას გამოაცხადებს და მობილიზაციის მორიგ ტალღას დაიწყებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომელმაც რუსეთის მოქალაქეებს მიმართა.

მისი თქმით, საზღვრები ასევე ჩაიკეტება ბელარუსში.

რეზნიკოვის განცხადებით, ახლა რუსები ფიქრობენ, როგორ გააფორმონ სადღესასწაულო სუფრა, მაგრამ მათ კარზე სამხედრო კომისარი დააკაკუნებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსეთის ხელმძღვანელობის იმ ე.წ „გეგმის“ ჩავარდნაზე ისაუბრა, რაზეც ისინი ომის დასაწყისში საუბრობდნენ.

მისი თქმით, რუსული არმიის დანაკარგები 100 000-ს აჭარბებს და ამ დანაკარგების ასანაზღაურებლად უკვე განხორციელდა მობილიზაციის ერთი ტალღა, თუმცა, ჯერ კიდევ ზაფხულში კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ ამას გააკეთებდნენ.

რეზნიკოვის განცხადებით, ამ „გეგმის“ მიხედვით ციხეებიდან ათიათასობით პატიმარი კერძო სამხედრო კომპანიაში აიყვანეს.

ამასთან, ამ „გეგმის“ მიხედვით, რუსები უკვე ნახევარი წელია უკრაინულ პატარა ქალაქ ბახმუტს წარუმატებლად უტევენ და იქ ათიათასობით ჯარისკაცი განათავსეს. მან ისაუბრა რუსების გაქცევაზე ხარკოვიდან, კიევის შემოგარენიდან, ჩერნიგოვის, სუმის ოლქებიდან და ხერსონიდან. რეზნიკოვის თქმით, ამ „გეგმის მიხედვით“ შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანებას ასრულებენ, თუმცა ზუსტად ერთი წლის წინ ეს ქვეყნები ნატო-ზე არც კი ფიქრობდნენ და ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სურდათ. ამ „გეგმის მიხედვით“ გაზაფხულზე სიტყვა „ომის“ გამოყენება აკრძალეს, ახლა კი ამაზე ღიად საუბრობენ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ, ვინც კრემლში და ბუნკერებში სხედან, უნდა აღიარონ, რომ მათი გეგმა ჩაიშალა, რომ წააგეს და მათი წარუმატებლობის გამო რუსეთმა დაკარგა ავტორიტეტი მსოფლიოში.

„ის ადამიანები, რომელმაც სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს, საშინელი ომის დანაშაულები ჩაიდინეს, ახლა თქვენ გეუბნებიან, რომ გაერთიანება და რუსეთის დაცვაა საჭირო, რადგან ირგვლივ მტრები არიან. ისინი იმით გაშინებენ, რომ დამარცხების შემთხვევაში თითქოსდა ყველა რუსის მიმართ განხორციელდება საპასუხო ზომები, ქონებას ჩამოგართმევენ, ტრიბუნალი მოეწყობა და ა.შ. ეს სიცრუეა, კვლავ გატყუებენ. სინამდვილეში, მათ სურთ არა რუსეთის დაცვა, არამედ ისინი იცავენ თავიანთ თავს. თავიანთ მდგომარეობას, ქონებას, სიმდიდრეს. ამისთვის კი მათ სურთ თქვენ გადმოგაბრალონ თავიანთი დანაშაული და თავიანთი დანაშაულის თანამონაწილე გაგხადონ“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც რუსებს ომში გააგზავნიან არის ის, რომ დაიცვან კრიმინალები, მათი სასახლეები და საბანკო ანგარიშები.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...