უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს უკრაინა ATACMS-ის ბალისტიკურ რაკეტებს და თანამედროვე დრონებს მიიღებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს უკრაინა მიიღებს ATACMS-ის ბალისტიკურ რაკეტებს 300 კმ-მდე დიაპაზონით და თანამედროვე დრონებს, მაგრამ მისი თქმით, ეს ასევე დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე.
ამის შესახებ უკრაინის დიპლომატიის ხელმძღვანელმა РБК-Украина-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული, რომ უკრაინა მიიღებს საჭირო იარაღს, მათ შორის, ტანკებსა და ATACMS-ს, კულებამ უპასუხა: „მომავალ წელს, დიახ, მაგრამ ეს ასევე დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“.
„ჯარს აქვს თავისი სპეციფიკური საჭიროებები. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, ახლა რომ შემომთავაზონ ასი ტანკი ან ასი ჰაუბიცა, უყოყმანოდ ვიტყოდი: 100 ჰაუბიცა ახლა და ტანკები შეიძლება ხვალ იყოს - რადგან ვიცი ფრონტის რეალური საჭიროება და მესმის, რომ ეს ახლა ბევრად უფრო კრიტიკულია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ იარაღისა და საბრძოლო მასალის რაოდენობა, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებმა უკრაინას 10 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიაწოდეს, უპრეცედენტოა, როგორც მოცულობის, ასევე ნომენკლატურისა და ქვეყნების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც ჩართულნი არიან პროცესში.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიბრძვით და საკმარისი არასდროს არ არის, ყოველთვის ვითხოვთ მეტ იარაღს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ეს უბრალო ფაქტი - ჩვენ ვიღებთ ყველაზე მეტ მხარდაჭერას, რომელიც რომელიმე ქვეყანას 21-ე საუკუნეში მიუღია“,- განაცხადა კულებამ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.