მისაქციელში თერმულად დამუშავებული ინგრედიენტების საწარმო ამოქმედდა
მისაქციელში თერმულად დამუშავებული პირველადი ინგრედიენტების საწარმო Georgian Greens-ი ამოქმედა. როგორც საწარმოს თანადამფუძნებელმა ეკატერინე ვეფხვაძემ BM.GE-თან განაცხადა, უკვე 13 სახის პროდუქტს, მათ შორის ნივრის, ჯინჯერის, კამის და ქინძის პასტას აწარმოებს.
მისივე თქმით, პროდუქცია საქართველოს მარკეტებში 2023 წლიდან გამოჩნდება.
"ყველაფერი თერმულადაა დამუშავებული, არ შეიცავს არანაირ დანამატებს და ყველას შეუძლია სამზარეულოში გამოიყენოს. ჯერ-ჯერობით ადგილობრივ ბაზარზე არ ვართ წარმოდგენილი, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ "რითეილ" ქსელებთან და 2023 წლიდან უკვე საქართველოს მარკეტებშიც გამოვჩნდებით. ამ ეტაპზე კი სატესტო რაოდენობები პოტენციურ დიდ დამკვეთებთან ისრაელში, კატარსა და გაერთიანებულ ემირატებში გავგზავნეთ. უცხოეთის ბაზრისგან ძალიან დიდი დაინტერესებაა, რადგან მსგავსი პროდუქტი ბაზარზე ბევრი არ არის. მე და ჩემი პარტნიორი დიდი ხანია საერთაშორისო გამოფენებში ვმონაწილეობთ, ეს სფერო კარგად გვაქვს შესწავლილი“, - განაცხადა ეკატერინე ვეფხვაძემ.
რაც შეეხება გამოწვევებს, „Georgian Greens”-ის თანადამფუძნებელი გვიყვება, რომ ძირითადი სირთულე მომწოდებლებთან ურთიერთობა და ფასების ცვალებადობაა.
"ნედლეულს ადგილობრივებისგან ვიბარებთ და ხშირად ის რაოდენობა არ აქვთ, რასაც გვპირდებოდნენ, ასევე სირთულეა მუშაობა ფასების მუდმივი ცვალებადობის პროცესში, მაგალითად ქილების იმპორტირება გვიწვეს, რომლის ფასიც თვიდან თვემდე იზრდება“, - განმარტავს ეკატერინე ვეფხვაძე.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ „Georgian Greens” 15 ადამიანს ასაქმებს და ის დამფუძნებლების პირადი ინვესტიციით შეიქმნა, დამფუძნებელი ზუსტ თანხას არ ასახელებს, თუმცა ამ ეტაპზე ახალ დანადგარებს ელოდებიან, რომელიც უფრო მასშტაბური წარმოების საშუალებას მისცემთ.
კომპანიის თანადამფუძნებლის ცნობით, მისაქციელში წარმოებული დამუშავებული ინგრედიენტების საექსპორტო საფასური 1.5 - 5 დოლარამდეა განსაზღვრული, ხოლო ადგილობრივი 5-8 ლარი.
BM.GE
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.