ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მედიკამენტების დეფიციტზე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას დაუშვებელს უწოდებს და განმარტავს, რითაა გამოწვეული რიგი მედიკამენტის უკმარისობა
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მედიკამენტების დეფიციტზე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას დაუშვებელს უწოდებს და განმარტავს, რითაა გამოწვეული რიგი მედიკამენტის უკმარისობა.
როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დროებით შექმნილი დეფიციტი დაკავშირებულია მწარმოებლების მხრიდან მოწოდების და ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ შეფერხებასთან.
მათივე თქმით, დაუშვებელია ფარმაცევტული ბაზრის ყველა მონაწილე იქნას დადანაშაულებული ისეთი ქმედების ჩადენაში, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ პრინციპებს.
„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხდებას ფარმაცევტულ ბაზარზე რიგი მედიკამენტების დეფიციტის არსებობასთან დაკავშირებით.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია და მასში გაერთიანებული წევრები სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ რიგ მედიკამენტებზე დროებით შექმნილი დეფიციტი დაკავშირებულია მწარმოებლების მხრიდან მოწოდების და აგრეთვე ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ შეფერხებასთან. ასოციაციის წევრებისათვის, რომელიც ბაზრის 80%-ს შეადგენს, მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას, მითუმეტეს პაციენტების ხარჯზე ზემოგებების დაწესებით.
ფარმაცევტული კომპანიების უმრავლესობა ძალ-ღონეს არ იშურებს რათა აფთიაქები და მათ მიერ გაწეული მომსახურეობა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებლებს მიეწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი. დაგვეთანხმებით, რომ ამ მხრივ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი ერთ-ერთი მოწინავეა. ფარმაცევტული კომპანიებისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო მომხმარებლის ინტერესები. აღნიშნული პრინციპის დაცვას ემსახურება ბაზარზე არსებული ძლიერი კონკურენცია, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს ფარმაცევტული დარგის განვითარებას.
რა თქმა უნდა, ბაზარზე ყოველთვის იარსებებს არაკეთილსინდისიერი სუბიექტები, რომლებსაც სხვა ღირებულებები გააჩნიათ და შექმნილ გარემოებას მხოლოდ თავისი ინტერესებისთვის იყენებენ. თუმცა, დაუშვებელია ფარმაცევტული ბაზრის ყველა მონაწილე იქნეს დადანაშაულებული ისეთი ქმედების ჩადენაში, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ პრინციპებს. კატეგორიულად დაუშვებელია, როდესაც ასეთ განცხადებას საჯაროდ აკეთებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენი ასოციაციის წევრები სრულიად ემიჯნებიან მსგავს ქმედებას და აგრძელებენ ქვეყნის მოსახლეობის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უზრუნველყოფას და კვალიფიციური, მაღალი ხარისხის მომსახურეობის გაწევას“, - ნათქვამია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების დეფიციტს ხელოვნურად ქმნიან. როგორც ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, კომპანიები ფასის ზრდის მიზნით, დახლზე კონკრეტული მედიკამენტის განთავსებისგან თავს იკავებდნენ.
„ჩვენ გავაკეთეთ ჩანაწერი კანონში, რომ ნებისმიერი საბითუმო მოვაჭრე ვალდებულია ონლაინ გაგვიხსნა ბაზები და ნებისმიერ დროს რეგულირების სააგენტო ხედავს როგორც ნაშთებს, ასევე ფასებს. ეს ერთი მხრივ, დაგვეხმარება იმაში, რომ კომპანიებმა რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასად არ გაყიდონ მედიკამენტი და რეაგირების შესაძლებლობასაც მოგვცემს, იმისთვის რომ ხელოვნურად დეფიციტის შექმნა ვერ შეძლონ. იმპორტიდან დაწყებული მთელ ციკლს გავაკონტროლებთ,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა „ბიზნესპარტნიორთან“.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.