Jump to content
Planeta.Ge

სალომე ზურაბიშვილი - რას ერჩოდნენ სააკაშვილს, როცა აქეზებდნენ, ჩამობრძანდითო, ან ქართულ ხასიათზე თამაშით რომ ეუბნებოდნენ, ვაჟკაცი თუ ხარ, ჩამოდიო, ორივე მხარეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა, მე რა შუაში ვარ, არ ვიცი


ერთი წელია, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული მიშას ირგვლივ დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივე მხარეს აწყობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს მის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ იდგნენ ადამიანები, რომელთან ერთადაც ის იბრძოდა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი და უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ.

„დღევანდელი ბრიფინგი არ იყო დაგეგმილი, რამეთუ არაფერს ვაპირებდი დღეს. როცა გავიგე, აქ ჩატარდებოდა აქცია, ჩემი გადაწყვეტილება და სურვილი იყო, რომ ჩავსულიყავი იმ ადამიანებთან, რომელთან ერთადაც არაერთი ბრძოლა გაგვივლია იმ შავბნელ დღეებში, როცა ჩვენ ერთად ვებრძოდით მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ და უსამართლო  რეჟიმს. ამ ადამიანებისთვის ჩავედი მე და არა იმისთვის, რომ აქციის ზოგ-ზოგი მონაწილე, არ ვიცი, ვისგან მართული, შემოვარდნილიყო სასახლეში. ეს არ არის ფორმა და დარწმუნებული ვარ, არც იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც ამას სათავეში ედგნენ.

მინდა, ვთქვა, რომ ადამიანები, რომლებსაც საერთო წარსულის გამო დიდი პატივს ვცემ, არაერთხელ მოსულან სასახლეში, იციან, ჩემი კარი ღიაა, ყველას აქვს საშუალება, რომ მოითხოვოს შეხვედრა და ყველას ვხვდები. ბოლო პერიოდშიც, ალბათ დაინახეს, რომ ვხვდები ყველას და არამარტო იმათ, ვისთანაც ეს ბრძოლები გავლილი მაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი აქცია იყო არამხოლოდ იმ ადამიანებისგან ორგანიზებული, ამას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსები, რომლებიც ვრცელდებოდა ამ დღეებში.

„ეს იყო მიზანმიმართული იმისთვის, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლებიც დღეს არიან მეთაურები და არსად არ იყვნენ 2007 წელს, რადგან ეს არის უკვე როცა ყველაფერი მომხდარი იყო და ყველაფერი ნათელი იყო, ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით, თუ რა ფორმით თვლიან, რომ დამემუქრონ. ეს ადამიანები არსად არ იყვნენ მაშინ. მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია? მაინტერესებს 2007 წლის მერე, ეს ადამიანები სად იყვნენ, ერთ იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, პერსონალურად არ მინდა, ამაზე ვისაუბრო.  არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს, და რას მასწავლიან მაინტერესებს. თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან იქით-აქეთ.

მინდა, ვთქვა, რომ აქ ძალიან ნათელია ერთობლივი რაღაც თამაში სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც ვითომდა ძალიან დაპირისპირებული არიან, მაგრამ რეალურად ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? მიპასუხეთ, მე მგონი სწორედ იმ ძალამ, რომელიც ჭკუას მასწავლის, არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის იმათ და საიდანაც ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას.

ვის აწყობს? რატომ, არ ვკითხულობთ ამას? ვიდრე ჩემთან მოვარდება აქცია, აქციაზე მაქვს საუბარი, როცა ვამბობ მოვარდნას და არა ადამიანებზე, რომლებიც მოდიოდნენ, მოდიან და მოვლენ აქ. რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული, პირველ რიგში მიშას ჩამოყვანა, რას ერჩოდნენ, ან ერთნი როცა იმას აქეზებდნენ რომ ჩამობრძანდით და იქნება რევოლუცია, იქნება ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ. ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართულ ხასიათზე თამაშით, აბა, ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი, ხომ არა ხარ ლაჩარი, ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ. უკვე ერთი წელია, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული მიშას ირგვლივ კამათში დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ. ორივეს აწყობს, ერთ მხარეს, ალბათ იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს, მეორეს იმიტომ, რომ ამითი პასუხი აღარ აქვთ გასაცემი არც ერთ იმ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას. მე ამაში არ ვიცი, რა შუაში ვარ, მაგრამ მიუღებელია, ალბათ არ მიცნობენ, ამდენი წელი ვეღარ გამიცნეს. მიუღებელია ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე, ის რაც ხდება დღეს, ზეწოლა, ბულინგი, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ. პირდაპირ შანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ რუსული სოფელი ჩემ კარებთან. არც ერთ ქვეყანაში სხვაგან არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ მით უმეტეს ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული, მაგრამ სხვადასხვა აზრებია და სხვადასხვა გემოვნება.

მერე მემუქრებიან რაღაც კარიერით, თურმე კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაც სხვა კარიერა მინდა, ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ. ვინმე თუ მიცნობს ამ ქვეყანაში, კარიერა დიდი ხანია, იქ დავტოვე, მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, მისი ევროპული მომავალი, რომელსაც ყველა ებრძვის და ვერავინ ხედავს, რომ ჩვენ საზოგადოებას ეს უნდა და ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს ყველაფრის მიუხედავად. აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალათ რაც არ უნდა იყოს, ყველას მიერ ზეწოლა და სხვადასხვა ფორმებით შანტაჟის მცდელობები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...