პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის მიმართ პრეზიდენტს კითხვის ნიშნები არ აქვს - ექვსი თვის ვადით არჩეული თავმჯდომარე იმ რეფორმებს ვერ განახორციელებს, რასაც ვადა სჭირდება
ცესკო სტაბილურ განვითარებას საჭიროებს, ამისთვის საჭიროა მას გრძელვადიანი თავმჯდომარე ჰყავდეს არჩეული - ექვსი თვის ვადით არჩეული თავმჯდომარე იმ რეფორმებს ვერ განახორციელებს, რასაც ვადა სჭირდება, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მსხილაძემ განმარტა, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის მიმართ პრეზიდენტს არანაირი კითხვის ნიშნები არ აქვს, მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა პარლამენტს ორჯერ წარუდგინა და ორივეჯერ ექვსი თვის ვადით აირჩიეს.
მსხილაძის თქმით, ექვსი თვის ვადით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე იმ სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს, რაც ცესკოს უნდა გააჩნდეს.
„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. როდესაც პრეზიდენტმა ამ კონკურსის ფარგლებში პირველი წარდგინება გააკეთა, განმარტა, რომ ჩვენ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს ორჯერ წარვუდგინეთ და ხმების იმ რაოდენობის დაგროვება ვერ მოხერხდა, რომ ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით ყოფილიყო არჩეული. ორივე შემთხვევაში კალანდარიშვილმა თანამდებობა 6 თვის ვადით დაიკავა. ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და მისი თავმჯდომარე დიდი ხნით - ხუთი წლით უნდა იყოს არჩეული, რათა ის რეფორმები გაატაროს და ის სტაბილური შეინარჩუნოს, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა გააჩნდეს“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა, ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კი, კონკურსი გამოაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარუდგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები. პრეზიდენტის მიერ კანდიდატურების ხელახლა წარდგენა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები ვერ აირჩია და პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ყველა კანდიდატურა „ჩააგდო“.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.