ოკუპირებული აფხაზეთიდან დაკარგული პიკასოს ლანგარი მოსკოვში იპოვეს
მოსკოვში მიაგნეს პაბლო პიკასოს ფაიფურის ლანგარს, რომლის გაყიდვის შესახებაც მანამდე იტყობინებოდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში. რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზა“ „აფხაზურ პორტლთან“ დე ფაქტო კულტურის მინისტრ დაურ კოვეს განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წლის დასაწყისში ლანგარი რუსეთში ექსპერტიზაზე იყო გაგზავნილი.
კოვეს სიტყვებით, ექსპონატს „აფხაზეთში წლის ბოლომდე დააბრუნებენ“. მისივე ინფორმაციით, „ლანგრით დაკავებული“ იყო კულტურის ყოფილი დე ფაქტო მინისტრი გუდისა აგრბა, რომელმაც, სავარაუდოდ, ექსპერტიზისთვის გადასცა ის.
მანამდე დმიტრი გულიას სახელობის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ „აფხაზეთის ეროვნული“ ბანკის საცავიდან დაიკარგა პაბლო პიკასოს ლანგარი და ფერნან ლეჟეს ორი ნამუშევარი. ლეჟეს ნამუშევრებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო კულტურის სამინისტროში მიაგნეს, პიკასოს ლანგრის ძებნა კი გრძელდებოდა.
დაურ კოვე ამბობს, რომ პიკასოს ლანგარს უკან დაბრუნების შემდეგ ექსპერტიზა უკვე „აფხაზეთის რესპუბლიკაში“ ჩაუტარდება.
„ჩვენ ექსპერტიზის დოკუმენტები არ გვაქვს, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს, სავარაუდოდ, არის პიკასოს თეფში და ფერნანდ ლეჟეს ნახატი“, - ამბობს კოვე.
ექსპონატების შეფასებაში რუსი და აფხაზი სპეციალისტების ჩართვა იგეგმება.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.