თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს.
თსუ-ს რექტორობაზე განცხადება მხოლოდ ერთ კანდიდატს, ჯაბა სამუშიას ჰქონდა შეტანილი. ჯაბა სამუშია ამ დრომდე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
30-ე რექტორი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. აკადემიური საბჭოს 38 წევრიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 32-მა წევრმა. საარჩევნო კომისიის მდივნის ინფორმაციით, ორი ბიულეტენი გაუქმდა, ხოლო აკადემიური საბჭოს არჩევნებში მონაწილე 30-მა წევრმა ხმა მისცა ჯაბა სამუშიას.
არჩევნებზე კენჭისყრის დათვლის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ორი დამკვირვებელი აკვირდებოდა.
ცნობისთვის, გიორგი შარვაშიძემ თსუ-ს აკადემიურ საბჭოს რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით 7 ოქტომბერს მიმართა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.